ახალი ამბები

მარგველაშვილი: პრინციპული იყო, რომ მინისტრების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი

6 მაისი, 2015 • • 964
მარგველაშვილი: პრინციპული იყო, რომ მინისტრების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს, დუშეთში ვიზიტისას განაცხადა: 

 

“ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ გამართულიყო მშვიდ გარემოში კონსულტაციები. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც წესი არის, იყო უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, იყო განხილვები. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტსაც და მთავრობასაც თავიანთ მუშაობაში. მე მგონია, რომ ამ კონკრეტულ გამოცდილებას თუ შევხედავთ ერთი კვირის, ის, რომ მე გამოვიყენე ეს უფლება, ამან პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა. მე არც ერთ მომენტში არ მითქვამს, რომ რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგი ვარ ან არ მომწონს. მაგრამ პრინციპული იყო, რომ ამ კანდიდატების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი. ნებისმიერ სხვა მომენტში როცა ჩვენ დავინახავთ, რომ არ არის პოლიტიკური მდგრადობა, ხელს შევუწყობ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მივიდეს მშვიდ გადაწყვეტილებამდე. ვისაც აირჩევს უმრავლესობა, ის იქნება მინისტრი, ეს ლეგიტიმურია. მაგრამ მე უნდა დავინახო, რომ ეს მართლა უმრავლესობამ აირჩია. მე ახლა დანახვის პროცესში ვარ.”

 

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხიდაშელის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანება 1 მაისს გამოსცა. ხიდაშელი პოსტზე მინდია ჯანელიძეს ცვლის, რომელმაც, თავის მხრივ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ჩაანაცვლა.

 

ღარიბაშვილმა ხიდაშელის გარდა კიდევ 2 მინისტრის – გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბრძანებები გამოსცა.  პროცედურულად, ღარიბაშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს მიმართავს. ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის დასრულებას დაჩქარებული ტემპით ითხოვს და განაცხადა, რომ მზად არის, პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს, თუმცა პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი