ახალი ამბები

პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა – კახა კალაძე

18 ნოემბერი, 2019 • 1933
პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დღეს, პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქციის დაშლისას პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და კვალიფიციურად იმოქმედა:

“(პოლიციამ) აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს”, – განაცხადა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები ორი დღის განმავლობაში აფრთხილებდნენ აქციის ორგანიზატორებს, რომ პარლამენტის, როგორც სახელმწიფო უწყების, ბლოკირება უკანონო იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებმა “სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს”.

კალაძის განმარტებით, ოპოზიციის წარმოამდგენლები არღვევდნენ კონსტიტუციას:

“დღეს დილიდან ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამეტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაოობა აღდგენილია, მომიტინგეები კი თავისუფლად აგრძლებენ პროტესტის გამოხატვას.


სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს.

ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი