ახალი ამბები

ხალხი იმდენი არ იყო, რომ მთლიანად რუსთაველი დაეკეტათ – სირაძე

18 ნოემბერი, 2019 • 978
ხალხი იმდენი არ იყო, რომ მთლიანად რუსთაველი დაეკეტათ – სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, 18 ნოემბრის აქციის მონაწილეები იმდენი არ იყვნენ, რომ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი ჩაკეტილი ჰქონოდათ. ასე უპასუხა სირაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ აიღო რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვები. საპარტულო პოლიციის უფროსის უარყოფს ინფორმაციას, რომ პოლიცია ხალხს აქციაზე მისვლაში ხელს უშლის.

“რუსთაველის გამზირზე კანონის ფარგლებში აქცია გრძელდება. ამავე დროს, აქ იყო კარვები და დაკეტილი იყო სავალი გზა, რაც ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლს. კერძოდ, აქ არსებული ხალხი იმდენი არ იყო, რომ დაეკეტათ მთლიანად რუსთაველის გამზირი. შესაბამისად, მერიისა და შსს-ს წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, რაზეც არ დაგვემორჩილნენ. შესაბამისად, აღდგა საგზაო მოძრაობა”, – ამბობს სირაძე.

რაც შეეხება დაკავებულებს, რომელთა რაოდენობა, შსს-ს ინფორმაციით, 18-ია, სირაძე ამბობს, რომ შესაძლოა დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს:

“ის პირები, რომლებიც პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, გაუწიეს წინააღმდეგობა, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებული იყო 18 პირი, თუმცა შემდგომ რამდენიმე ადამიანი კიდევ დაემატა. ზუსტ რაოდენობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.”


სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი