ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილს აკავებდნენ, თუმცა ის პოლიციას დაუსხლტა

18 ნოემბერი, 2019 • 1277
ალეკო ელისაშვილს აკავებდნენ, თუმცა ის პოლიციას დაუსხლტა

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს აკავებდნენ, თუმცა პოლიციას დაუსხლტა.

ტელეკომპანია “პირველის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებს ელისაშვილის დაკავება მაშინ უნდოდათ, როდესაც მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდა.

“ვიყავი პირველი სკოლის ეზოში და მინდოდა აქეთ [გზის გადაღმა] გადმოსვლა და არაფრით მიშვებდნენ. დავიწყე ჯაჯგური, შემდგომ კი ძალიან ბევრი პოლიციელ ერთდროულად მაკავებდა. ზოგმა- ქამარში, ზოგმა- ყელში.. მიმათრევდნენ პოლიციის მანქანაში, მაგრამ დემონსტრანტები მოცვიდნენ და გამომიხსნეს“, – ამბობს ელისაშვილი ტვ “პირველთან“ საუბარში.


პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყეს. მონაწილეთა დაშლის დროს მათ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

მანამდე აქციის მონაწილეებს პარლამენტის ყველა შესასვლელთან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მიზნით კარვები ჰქონდათ გაშლილი. აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აიღეს. სპეცრაზმთან ერთად აქ დასუფთავების სამსახურიც შემოვიდა. 

რაც შეეხება დაკავებულებს, აქციის დაშლისას, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 18 ადამიანი.

აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

როგორც შსს აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქციის მონაწილეები: ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი