მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში – სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მოუწოიდებს ოპოზიციას, შეწყვიტონ საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება.

“ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს პროცესი არ უნდა გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მე მოვუწოდებ მათ (ოპოზიციას), რომ დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლება, ჩვენი დემოკრატიისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და “ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იცავს, მათ შორის, კრიტიკული აზრის თავისუფლებას. მაგრამ მეორე მხრივ, ამან არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბლოკირებულია პარლამენტი, რაც არის კანონდარღვევა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში. დემოკრატიის განვითარება, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი გზა ჩვენი განვითარების”, – თქვა კილაძემ დღეს, 18 ნოემბერს.

კილაძის თქმით, პარლამენტის ფუნქციონირება საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, პარლამენტმა გააგრძელოს ფუნქციონირება ისევე, როგორც ეს ევალება კონსტიტუციის მიხედვით.


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.