ახალი ამბები

თუ “ოცნება” სიტუაციას გაამწვავებს, ეს მათ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას დააჩქარებს – მელია

18 ნოემბერი, 2019 • 1109
თუ “ოცნება” სიტუაციას გაამწვავებს, ეს მათ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას დააჩქარებს – მელია

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, თუკი “ოცნება“ სიტუაციას გაამწვავებს, ეს დააჩქარებს მმართველი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას.

მელიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ პარლამენტს დღეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და იქ ადამიანებს მხოლოდ “სხვადასხვა ბიზნესით აშოვნინებენ ფულს“.

“არცერთ შემთხვევაში ჩვენ ანალოგია არ უნდა მოვიყვანოთ წარსულთან, თუნდაც, უახლოესი წარსულიდან. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესც ვინმეს შეუძლია თქვას – “მაშინაც ხომ იყო ხალხი და დაიშალა?!“ დიახაც, 20 ივნისი გრძელდება დღეს. მაგრამ განსხვავება იმ მასშტაბის ტყუილშია, რომელიც აკადრეს საზოგადოებას. ამის იქით ყველა ცივილურ სახელმწიფოში მთავრობა გადადგებოდა“, – ამბობს ნიკა მელია.

რაც შეეხება კალაძის განცხადებებს, მელია მათ არასერიოზულად აფასებს და ამბობს, რომ დღეს აქციებზე ვიწროპარტიული ინტერესით არავინ დგას.

“ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი გაოგნებულნი არიან და სწორედ კალაძის და სხვა ადამიანების უტიფარი გამოხტომები ემსახურება მათი მხარდამჭერების რამენაირად უკან შემობრუნებას“, – ამატებს მელია.

მელია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ აქციების ფონზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, მათ შორის, ივანიშვილსა და კალაძეს, “სასთუმალზე თავი მშვიდად არ უდევთ“ და ერთადერთი იმედი ჰქონდათ, რომ მოქალაქეები პროტესტით ქუჩაში არ გამოვიდოდნენ:

“მაგრამ ისე არ ხდება, როგორც ივანიშვილსა და კალაძეს უნდა, 2019 წელია და ყველა ნიღაბი ჩამოსძვრათ“

რაც შეეხება შსს-ს განცხადებას, სადაც უწყება ამბობს, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში “შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, მელია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება სიტუაციას გაამწვავებს, ეს დააჩქარებს “ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას.

“აქ ხელისუფლებამ მოიყვანა ეს ხალხი, თუ გაამწვავებს “ქართული ოცნება”, რისი რესურსიც არ აქვს, მით უფრო მოხდება პროცესების დაჩქარება მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების თვალსაზრისით.

ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ეს არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ტექნიკური მთავრობის მიერ გავრილოვის პოლიტპატრიმრების გათავისუფელბა, ცესკოს ხელმძღვანელობის შეცვლა. ამ მოთხოვნებზე თუ ივანიშვილი არ წამოვა, მას უბრალოდ არ მიეცემა პოლიტიკური, “ოლიგარქიული“ საქმიანობის გაგრძელების საშუალეაბა“, – განმარტავს მელია და ამბობს, რომ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია.

ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი