გუშინ დავით საგანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ ჩაანაცვლა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე ხიდაშელის კანდიდატურამ. საგანელიძის განცხადებით, ამის ერთ–ერთი მიზეზი იყო ის, რომ თავდაცვის უწყებაში უკანასკნელ პერიოდში არ ჩანდა, ან მკვეთრად არ იყო გამოხატული საგარეო ორიენტირები.
“გარკვეული სკეპტიციზმი არსებობდა ამის გარშემო და ჩემი აზრით ქალბატონი თინას კანდიდატურა ამ ბევრ კითხვაზე ამ სკეპტიკოსებს მნიშვნელოვან პასუხს გასცემს,”– განაცხადა საგანელიძემ.
“არ მომისმენია ეს განცხადებები, მაგრამ თუ ასე იყო ნათქვამი, მე ნება მომეცით არ დავეთანხმო,” – განაცხადა დღეს მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროში ახალ მინისტრთან, თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ იმ საერთაშორისო აქტივობების 90%, რასაც სამინისტრო ახორციელებდა, სწორედ “დასავლური აქტივობები” იყო და ეს აქტივობები მაღალ დონეზე აქტიურად მინდინარეობდა
დღეს თინა ხიდაშელმაც აღნიშნა, რომ ჯანელიძის დასავლურ კურსთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
“ერთ–ერთი პირველი შეხვედრა მე სწორედ მინდიასთან მქონდა ზუსტად იმიტომ, რომ არანაირი ასეთი მსგავსი ეჭვებისთვის საფუძველიც კი არ არსებობს. შესაძლოა ვიღაცა მედიასთან უფრო ხშირად ჩნდება და ვიღაც ნაკლებად ჩნდება. თუ ამაშია პრობლემა, გარწმუნებთ, რომ მე ალბათ უფრო ხშირად გამოვჩნდები, ვიდრე ბატონი მინდია ჩანდა. მაგრამ არაფერზე არ მეტყველებს ორიენტაციასთან, კურსთან, თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულებებთან და პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით,”– განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხიდაშელის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანება 1 მაისს გამოსცა. ხიდაშელმა პოსტზე მინდია ჯანელიძე შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ჩაანაცვლა.








