ახალი ამბები

პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო – live

17 ნოემბერი, 2019 • 1229
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო – live

პარლამენტის შენობის წინ აქცია “დავიბრუნოთ ქვეყანა” დაიწყო. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.

“არ ვთმობთ იმას, რაც ჩვენია! ქვეყანას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა. აღარ ვაპირებთ შევეგუოთ ცირკს, რომელსაც ეკრანებიდან ვუყურებთ.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნეიტრალური ინსტიტუტები – ყველანი აღნიშნავენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება ნორმალური არ არის და შეაფერხებს ჩვენს განვითარებას.

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადმოკვეთა წითელი ხაზი და პროპორციული არჩევნების მისი სცენარით ჩაგდება არის ის, რის პატიებასაც არ ვაპირებთ!”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციას სრული ოპოზიციური სპექტრი უერთდება. ამას გარდა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში”, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტთან აქციებს მართავდა.

დღეს, 17 ნოემბერს, თბილისში კიდევ ერთი აქცია იგეგმება. 17:00 საათზე “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები რესპუბლიკურ მოედანზე იკრიბებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” ხელალხა შეიტანს პროპორციულ არჩევნების კანონპროექტს პარლამენტში, თუმცა იქნება მცირედი სხვაობა. მისი განცხადებით, მათ კანონპროექტში ბუნებრივი ბარიერი 0,67%-ის ნაცვლად განსაზღვრული იქნება 0,70%-ით. მათ აქციას ულტრანაციონალისტური დაჯგუფება “ქართული მარშიც” უერთდება.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანომ 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი