ახალი ამბები

“ქართული მარში” “პატრიოტთა ალიანსის” აქციას უერთდება

16 ნოემბერი, 2019 • 1609
“ქართული მარში” “პატრიოტთა ალიანსის” აქციას უერთდება

ულტრანაციონალისტური დაჯგუფება “ქართული მარში” უერთდება “პატრიოტთა ალიანსის” აქციას, რომელიც 17 ნოემბერს, 17 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით იმართება.

როგორც “ქართული მარში” აცხადებს, ისინი აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდებას და აღნიშნულ ფაქტს “თაღლითობასა” და “გაუგონარ ტყუილს უწოდებენ.

ამასთანავე, როგორც ორგანიზაციის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თქვა, ისინი ემიჯნებიან დანარჩენი ოპოზიციის აქციას, რომელიც იმავე მოთხოვნით იმავე დღეს, რეპუბლიკის მოედნიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, პარლამენტთან იმართება.

“ქართული მარში” ოპოზიციას, გარდა “პატრიოტთა ალიანსისა”, უწოდებს ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლებს და ამბობს, რომ მათთან ერთად ბრძოლას არ აპირებენ.

ოპოზიციური პარტიები 17 ნოემბერს, 15 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას გეგმავენ.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი