ახალი ამბები

წულუკიანი: ლარის ნერვიულობა ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული

2 მაისი, 2015 • • 1290
წულუკიანი: ლარის ნერვიულობა ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული

ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებელის  “პირველ სტუდიაში” საუბრისას განაცხადა:

 

”ეროვნული ვალუტის სტაბილურობა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, მათ შორის რამდენიმე სამინისტროს საქმიანობაზე და კონკრეტული ორგანიზაციების მუშაობაზეა დამოკიდებული, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებენ”.

მისი თქმით, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ეროვნულ ბანკზე მოდის:

 

“ჩემი აზრით, ლარის ნერვიულობა, პირველ რიგში, ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული. ეროვნული ვალუტა აბარია ბატონ ქადაგიძეს. ამიტომ ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი. ეს არის ძალიან ბევრი იმ ფაქტორის ბრალი, რომელიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჩემი და სხვათა სამინისტროების პორთველში. არის ასეთი სსიპი – სამხარაულის ეროვნული ბიურო. ვერ მუშაობს ეს ბიურო. მაგალითად, მე მშენებობლობებს მათ გამო ვერ ვაწარმოებ. მე ღიად ვამბობ ამას. ეს აფერხებს ეკონომიკას. ამიტომ არის ფაქტორები. ეს არის ყველაფრის და ყველას ბრალი, თუ დამნაშავეს ვეძებთ. მაგრამ არის პრიორიტეტები დამნაშავეობაშიც. ნომერ პირველი დამნაშავე ჩემთვის არის ეროვნული ბანკი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ეროვნული ბანკის მიერ 1 მაისის დადგენილი კურსით, ლარი აშშ დოლართან 2.3327 ნიშნლზეა .

 

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.36 ლარი ღირს. კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 236 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი