ახალი ამბები

უკრაინაში დააკავეს ISIS-ის მებრძოლი ალ ბარა შიშანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

15 ნოემბერი, 2019 • 4771
უკრაინაში დააკავეს ISIS-ის მებრძოლი ალ ბარა შიშანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევთან ახლოს დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის მებრძოლი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, საბრძოლო სახელით ალ ბარა შიშანი.

ამავე ცნობის თანახმად, ტოხოსაშვილი უკრაინაში 2018 წელს ჩავიდა არალეგალურად. ის ადრე აბუ ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილის) გარემოცვაში იყო [შიშანი 2016 წელს დაიღუპა].

ნეტგაზეთს ტოხოსაშვილის დაკავების ცნობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. თუმცა „ნეტგაზეთს“ არ მიუღია პასუხი კითხვაზე, იგეგმება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადიცია.

ჯოანა პარაშჩუკი, — ჟურნალისტი და მკვლევარი, რომელიც ISIS-ის რუსულ ენაზე მოსაუბრე მებრძოლებზე წერს ხოლმე, — იუწყება, რომ 2015 წლისთვის ალ ბარა შიშანი ლიდერობდა სირიის ქალაქ ლატაკიაში ბაზირებულ ჯამაათს, სახელწოდებით ანსარ ალ-შარია.

გარეკანის ფოტოს: ჯოანა პარაშჩუკის მოპოვებული

მასალების გადაბეჭდვის წესი