ახალი ამბები

ციხის ექიმები დღეში 15-20 პატიმარს ემსახურებიან

19 ნოემბერი, 2019 • 1824
ციხის ექიმები დღეში 15-20 პატიმარს ემსახურებიან

ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2014-17 წლებში, სისტემაში ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.

  • შედარებით გაიზარდა ექიმებისა და ექთნების ხელფასები;
  • დაინერგა პირველადი ჯანდაცვის მოდელი და ხელმისაწვდომი გახდა ყველა დაწესებულებაში;
  • გაიხსნა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება;
  • მედიკამენტების შეძენაზე დახარჯული თანხის რაოდენობა 2013 წლიდან 2014-წლამდე სამჯერ გაიზარდა.
  • განახლდა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი და გაიხსნა სპეციალური განყოფილება ბრალდებულებისთვის;
  • დამტკიცდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა. დაიწყო მისი განხორციელება პენიტენციურ სისტემაში;
  • განახლდა პატიმართა კვების სტანდარტი, რაც 12 მიზნობრივ რაციონს ითვალისწინებს;
  • ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გაიხსნა 57- ადგილიანი ხანგრძლივი მოვლის განყოფილება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც საჭიროებისას ამბულატორიული თუ სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადაჰყავთ პატიმრები.

პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების შესახებ ვრცელი კვლევა მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“

 

 რა პრობლემები აქვთ ციხეში ექიმებს

 

როგორც ზემოთ ხსენებული კვლევის ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მერაბ ქავთარაძე გვეუბნება, პატიმართა დიდ დაწესებულებებში ექიმებს დაძაბული სამუშაო რეჟიმი აქვთ და ერთი ექიმი დღეში, საშუალოდ, 15-20 პაციენტს ემსახურება.

„საშუალოდ ორ ექიმზე ერთი ექთანი მოდის, როცა, წესით, ერთ ექიმზე სამი ექთანი უნდა მოდიოდეს. საპატიმროებში ხშირად პატიმრებს, უბრალოდ, ექთნის დახმარება სჭირდებათ და ნებისმიერი პრობლემით ექიმს მიმართავენ, რაც ექიმების გადაწვას განაპირობებს და შედეგები მოქმედებს ხარისხზე.

ამ პირობებში რთულია ექიმი ან ექთანი ციხეში მუშაობით დააინტერესო და კვალიფიციური კადრები მოიზიდო. იურისტები და პედაგოგები საქართველოში უკვე გადავიდნენ უწყვეტი სწავლის სისტემაზე, ექიმების ლიცენზია კი ჩვენს ქვეყანაში სამუდამოა, თუმცა მედიცინა სწრაფადგანვითარებადი მიმართულებაა და სამედიცინო ცოდნაც სწრაფად ცვეთადია – მედიცინა ჩვენს დროში უსწრაფესად ვითარდება“, – ამბობს მერაბ ქავთარაძე.

მერაბ ქავთარაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

მისივე თქმით, დილიდან საღამოს ექვს საათამდე ექიმებს გარესამყაროსთან კონტაქტი, მობილური ტელეფონით სარგებლობა ეკრძალებათ, ბევრ მათგანს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ეს შეზღუდვა მათთვის დიდი დისკომფორტია.

ციხეში დასაქმებული ექიმებისთვის აქამდე პრობლემა იყო ტრანსპორტირების საკითხიც, რაც ნაწილობრივ მოგვარდა. თუმცა ტრანსპორტი პრობლემაა ქსნის დაწესებულებაში მომუშავეებისთვის, სადაც ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. ექიმებს 2018 წლამდე არ ჰქონდათ ასევე სამედიცინო დაზღვევაც, თუმცა ეს მოცემულობა შეიცვალა.

 

პატიმართა ხელმისაწვდომობა მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე

 

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სერვისების შესახებ ინფორმაციას პატიმრების უმრავლესობა საერთოდ არ ფლობს, ან- მხოლოდ ნაწილობრივ. საქართველოს კანონმდებლობით, პატიმარს შეუძლია დაწესებულებაში არარსებული ბრენდირებული მედიკამენტის  შეძენა საკუთარი სახსრებით.

ბოლო წელს დიდ დაწესებულებებში გაჩნდა მედიკამენტების ნაკლებობის პრობლემა, N8 და 15 დაწესებულებებში, თუმცა პატარა დაწესებულებებში ეს პრობლემა არ დგას.

საპატიმროებში პრობლემატურია სათანადო დონეზე აპარატურის ფუნქციონირება. აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ძალიან დიდი დრო სჭირდება მის შეკეთებას, რამაც სამედიცინო მომსახურების ხარისხზე შეიძლება იქონიოს გავლენა. პრობლემურია ის საკითხიც, რომ სამედიცინო პუნქტებში არ არის ელექტრონული აღრიცხვის სისტემა. ამბულატორიული ბარათები იწარმოება ხელით, რის გამოც გართულებულია აღქმა, თუ რა დიაგნოზი აქვთ პაციენტებს, ან რა მედიკამენტები ენიშნებათ. ელექტრონული აღრიცხვის სისტემის არარსებობის გამო პრობლემა ექმნება როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე, მონიტორინგის სამსახურებსაც.

 

ინფექციური დაავადებები

 

არაგადამდები დაავადებებისგან განსხვავებით, ინფექციური დაავადებების სკრინინგული გამოკვლევები საპატიმროებში სისტემურ ხასიათს ატარებს. ტუბერკულოზის სკრინინგული გამოკვლევები, მაგალითად, ყველა პატიმარს აქვს ჩატარებული.

აივ/შიდსის, B და C ჰეპატიტის სკრინინგი ნებაყოფლობითია და ჩატარებული კვლევების რაოდენობა პოზიტიურია, თუმცა სისტემის სამედიცინო პერსონალმა სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პატიმრებს ამ დაავადებების შესახებ და მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს, რაც შეიძლება მეტი პატიმარი ჩაერთოს სკრინინგის პროცესში.

წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული პროგრესი ტუბერკულოზის, C-ჰეპატიტის და აივ ინფექციის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში. აივ ინფიცირებული/შიდსის ინციდენტობის მაჩვენებელი პენიტენციურ სისტემაში კლების ტენდენციით ხასიათდება.

 

ქართული ციხეები შშმ პატიმრებისთვის ადაპტირებული არ არის

 

პენიტენციურ დაწესებულებებში შშმ პატიმრებისა და პაციენტებისათვის რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამა დანერგილი არ არის. შედეგად, მათი მდგომარეობა დროთა განმავლობაში მძიმდება.

დაწესებულებებში რჩებიან ფიზიკური და მენტალური შეზღუდვის მქონე პატიმრები. თავის მხრივ, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართა საჭიროებები სრულად დაკმაყოფილებული არ არის, ადაპტირებული არ არის ფიზიკური გარემო.

პენიტენციურ სისტემაში არსებული სამედიცინო მომსახურება არ ითვალისწინებს შშმ პირთა ჯანმრთელობის სპეციალურ საჭიროებებს, არ არის დანერგილი შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალიზებული მომსახურება.

 

ქართულ ციხეში პატიმართა სიკვდილიანობა შემცირდა

 

პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 2013 წლიდან სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მკვეთრად შემცირდა. თუ 2010 წელს დაფიქსირებული იყო სიკვდილის 144 შემთხვევა, 2014 წელს დაფიქსირდა 27 შემთხვევა, 2015 წელს – 12, 2016 წელს – 17, ხოლო 2017 წელს დაფიქსირდა პატიმართა სიკვდილის 15 შემთხვევა.


სამაგიდე კვლევა „სამედიცინო მომსახურეობა პენიტენციურ სისტემაში” მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (ავტორი: მერაბ ქავთარაძე). კვლევა ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის პროექტის – „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში. დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და ტექსტში გადმოცემული მოსაზრებები არცერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორის, ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების პოზიციის გამომხატველად.

მასალების გადაბეჭდვის წესი