ახალი ამბები

რომან კაკულია საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

15 ნოემბერი, 2019 • 1950
რომან კაკულია საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავს. კაკულიას თქმით, ეს მისთვის დიდი რეპუტაციული ტვირთია, თუმცა გადაწყვიტა, ეს ტვირთ ატაროს:

“მოცემულობა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს გარეთ იმისათვის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავმოყვარეობა გახადო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად. მე მესმის, რომ ძალიან დიდი რეპუტაციული ტვირთია, როდესაც შენ ამით რჩები, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჯობია ატარო ეს რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე იფიქრო იმაზე, თუ ვის უტოვებ ქვეყანას, საბოლოო ჯამში”, – ამბობს რომან კაკულია ტელეკომპანია “იმედთან”.

15 ნოემბრის 12 საათის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.


14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი