ჟურნალისტების კითხვაზე, თუ გეგმავს მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ვადამდელი არჩევნების საკითხზე, „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„მე, მაგალითად, თქვენ ადგილას, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თუ ლიდერებს დავუსვამდი კითხვას, წაჰყვებიან თუ არა ოპოზიციას ამ მოთხოვნაზე, ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ამას ახმოვანებს, ვკითხავდი, აწყობთ თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? ეს სერიოზული და აქტუალური კითხვაა“.
მამუკა მდინარაძის თანახმად, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ სისტემაში, — პროპორციულში თუ შერეულში — „მოიგებს არჩევნებს“.
დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.
რიგგარეშე პროპორციული არჩევნები — რა მოთხოვნაზე შეთანხმდა ოპოზიცია