ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ცხინვალის იზოლატორში რჩება

14 ნოემბერი, 2019 •
საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ცხინვალის იზოლატორში რჩება

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში რჩება. ამ დროისთვის გაურკვეველია მისი გათავისუფლების დრო.

ოსური მხარის ცნობით, მანამ, სანამ სასამართლო პროცესი არ გაიმართება, მას ვერ გაათავისუფლებენ. ამ ეტაპზე კი, ნეტგაზეთის ინფორმაციით,  ადგილობრივ КГБ-ს და პროკურტურას ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოსთვის შესაბამისი მასალები გადაცემული არც აქვს.

რომელი მუხლით არის საქმე დაწყებული ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ, ქართული მხარისთვის ჯერ უცნობია. თუმცა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, რომელიც ოსური მხარისგან მიიღეს, გაფრინდაშვილი “დაკავებულია დე ფაქტო კრიმინალური კოდექსის ერთ-ერთი მუხლის დარღვევისთვის”.

ქართული მხარე რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ ექიმზე განცხადებას ავრცელებს

რა გარემოებებში დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა, ქართული მხარე ამის შესახებ არ საუბრობს.

როგორც ნეტგაზეთს გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა განუცხადა, ქმარი შაბათს, დაახლოებით 15:30 ზე ტელეფონით დაუკავშირდა და რუსი სამხედროების მიერ მისი დაკავებისა და ცხინვალში გადაყვანის შესახებ აცნობა.

“სხვა მეც არაფერი ვიცი. არც რაიმე ვარაუდი მაქვს, თუ რატომ უნდა აღმოჩენილიყო იმ ტერიტორიაზე. ცხელი ხაზის მეშვეობით ვიგებ მეც ინფორმაციას”, – გვიყვება თამილა ლაფანაშვილი.

„ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი.
ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა საქართველოს მოქალაქე უკანონო ტყვეობიდან დროულად იქნას დახსნილი“, – ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ გატაცებულ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

ქართული მხარე რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ ექიმზე განცხადებას ავრცელებს

ექიმის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა სამედიცინო ცენტრი მედიქლაბ-ჯორჯია, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილი მუშაობს.

“მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ნებისმიერ სახეს თავისი მარეგულირებელი წესები აქვს, კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ზოგადი პრაქტიკის მიხედვით, დასაგმობია ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკანონო დაკავების ფაქტი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ, აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება”.

სამედიცინო დაწესებულება იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუციების ჩართულობით აღნიშნული მოლაპარაკების პროცესი დროულად და ეფექტიანად მოგვარდება.

“მოვუწოდებთ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას და ყველა თავისუფალ ადამიანს დაგვეხმარონ მისი უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებული პროტესტის გავრცელებაში და მოუწოდონ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი