ახალი ამბები

პროპორციული არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია – გახარია

14 ნოემბერი, 2019 • 1143
პროპორციული არჩევნები დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება იყო და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

გახარია იმედოვნებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისას დეპუტატები საკუთარ პასუხისმგებლობას სრულად გაიაზრებენ.

“მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად პროცესის გამოძახილი. აქ არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ვრჩებით ისევ იმ პოზიციაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროპორციული არჩევნები ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას ამ კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია როგორც ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე”, – განაცხადა გახარიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პარლამენტმა დღეს უნდა  უყაროს კენჭი.

მასალების გადაბეჭდვის წესი