ახალი ამბები

შალელაშვილი: სახეზეა ორკესტრირებული შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ

13 ნოემბერი, 2019 • 6644
შალელაშვილი: სახეზეა ორკესტრირებული შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი რამდენიმე თვის წინ დატოვა, პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ორკესტრირებულ შეტევად აფასებს.

ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის პირობა სწორი იყო და თუ ივანიშვილის დაპირებას მისივე გუნდი ჩააგდებს, პარტიის თავმჯდომარე გაუგებარ კომპრომისზე არ უნდა წავიდეს:

“თვალს ვადევნებ საკონსტიტუციო ცვლილების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და არ მესმის, ახლა მაინც რა შუაშია ოპოზიცია, როცა აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს მიზანმიმართული და ორკესტრირებული შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ. 20 ივნისის ტრაგიკული ღამის შემდეგ ბატონმა ივანიშვილმა თავად განაცხადა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და სრულიად გაუგებარია, დღეს რასთან გვაქვს საქმე.

თუკი მისი ეს დაპირებაც ჩააგდო მისივე გუნდმა, ის არ უნდა წავიდეს გაუგებარ კომპრომისზე, არ ითმინოს ეს შეურაცხყოფა და ამისთვის მან უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასიც. ის უნდა გაემიჯნოს ამ დესტრუქციულ ე.წ. გუნდს, დატოვოს ისინი კრიზისთან მარტო და უნდა დაიწყოს ახალი, პროგრესული პოლიტიკური ძალის ფორმირების პროცესი”, – ამბობს შალელაშვილი.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა თავდაპირველად 13 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა ამის წინააღმდეგ ძირითადად არიან მაჟორიტარი დეპუტატები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ისინი დეპუტატის მანდატს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი