ახალი ამბები

ხუნდაძე: თუ ხვალ არ დადგა შედეგი, რომელსაც ველოდები, შესაძლოა მანდატი დავტოვო

13 ნოემბერი, 2019 • 798
ხუნდაძე: თუ ხვალ არ დადგა შედეგი, რომელსაც ველოდები, შესაძლოა მანდატი დავტოვო

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია, აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა, თუმცა საკუთარ პოზიციაზე რჩება.

ხუნდაძე აცხადებს, რომ თუ კენჭისყრაზე ის შედეგი არ დადგა, რასაც ელოდება, არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” და დეპუტატის მანდატი დატოვოს:

“არის გარკვეული უხერხულობა ჩვენ შორისაც, მაგრამ ამ ეტაპზე არის ის, რაც არის. ჩვენ ვემზადებით ხვალისთვის. მე ვმუშაობ გუნდის წევრებთან, რომ ისინი ბოლომდე შევინარჩუნო, და ასევე ვმუშაობ გუნდის იმ წევრებთან, რომლებიც არ არიან მყარად ამ საკითხში და შესაძლოა ისინი ჩვენი თანამოაზრეები გახდნენ. მე ვხედავ, რომ ბატონი ბიძინაც მუშაობს გუნდის შიგნით, რომ ჩვენი პოზიციები იქნეს შეჯერებული.

მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი. შემდეგ ეს თხოვნა იყო უფრო პრინციპული, მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციზე .თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ არც საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში, რომელსაც პატივს ვცემ. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც” ,- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

კენჭისყრა თავდაპირველად 13 ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა ამის წინააღმდეგ ძირითადად არიან მაჟორიტარი დეპუტატები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ისინი დეპუტატის მანდატს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი