საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დავით სანაკოევის დათხოვნის შესახებ ბრძანება პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 22 აპრილს გამოსცა, ხოლო მეორე დღეს პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით კაზბულათ ცხოვრებოვი ასრულებს, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი უკავია.  

 

სანაკოევის ასეთი სწრაფი დათხოვნა ცოტა არ იყოს სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან ერთი კვირით ადრე, 15 აპრილს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს სამი პარტიიდან განმეორებით უნდა გამოეტანათ უნდობლობის ვოტუმი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, მაგრამ ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ, შედეგად კი უნდობლობის ვოტუმის საკითხი გადაიდო. ერთი დღით ადრე კი თავად დავით სანაკოევმა მიმართა უზენაეს სასამართლოს მოთხოვნით, რომ ბათილად ეცნოთ პარლამენტის მიერ მის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილი უნდობლობის ვოტუმი.

 

15 აპრილს პარლამენტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ პარტიების – “ნიხასი”, “ხალხის ერთობა” და “სახალხო პარტია” – წარმომადგენლები, ამიტომაც სხდომის ჩასატარებლად საჭირო ქვორუმი ვერ მოგროვდა. სამი პარტიის დეპუტატებმა მანამდე განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე.

 

პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი დარწმუნებული იყო, რომ საპარლამენტო პარტიებმა განზრახ ჩაშალეს პარლამენტის სხდომა და ამის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამგვარი ქმედებების მიზეზად ბიბილოვმა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოტანის გადაწყვეტილების საკითხის ჩაშლის მცდელობა  დაასახელა. დეპუტატების ქმედებას კი მან “დესტრუქციული” უწოდა.

 

14 აპრილს სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა უზენაეს სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ ბათილად იქნას მიჩნეული მისთვის გამოცხადებული უნდობლობის ვოტუმი.

 

სანაკოევმა თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ პოლიტიკური შეხედულებებით იხელმძღვანელეს, ასევე, მისი დამოკიდებულებით სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების პროექტის შესახებ, რომელიც პარტია “ერთიანი ოსეთის” მიერ იყო წარმოდგენილი. ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ შეთანხმების ეს პროექტი ეწინააღმდეგებოდა სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციას.

 

მისი თქმით, უნდობლობის საკითხი პარლამენტმა მიაბა 2014 წელს გაწეული საქმიაობის შესახებ ანგარიშს, კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლით, პარლამენტს შეუძლია ნებისმიერ დროს მოისმინოს მთავრობის ნებისმიერი წევრის ანგარიში და მიიღოს შესაბამისი დადგენილება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს მუხლი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საკონსტიტუციო კანონს “სამხრეთ ოსეთის მთავრობის შესახებ”, რომლის მიხედვითაც მინისტრი ანგარიშვალდებულია პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე. სანაკოევი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ვალდებული იყო თავისი რეგლამენტი ამ კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომა, რომელზეც გამოჰქონდათ უნდობლობის ვოტუმის საკითხი, პროცედურის და კანონის დარღვევით ჩატარდა. დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ სხდომამდე ხუთი დღით ადრე პარლამენტს უნდა გაეგზავნა მისთვის მოწვევა შესაბმისი საკითხების მითითებით, რაც არ გაკეთებულა.

 

“შესაბამისად, ამ შემთხვევაში სახეზეა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა,” – დაასკვნა სანაკოევმა.

დავით სანაკოევი, ფოტო: ეხო კავკაზა
დავით სანაკოევი, ფოტო: ეხო კავკაზა

 

17 აპრილს ოთხი საპარლამენტო პარტიის ლიდერმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია “ირ”-ის პირდაპირ ეთერში განიხილეს ვითარება, რაც შეიქმნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევისთვის უნდლობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხის ირგვლივ.

 

“პირველივე სესიიდან დაწყებული, თქვენ უსმენთ, მაგრამ მხედველობაში არ იღებთ თქვენი პარტიის წევრების გარდა სხვა პარტიების დეპუტატების მოსაზრებებს. სხვა დეპუტატების მოსაზრებების უგულებელყოფით გაგაქვთ საკითხები კენჭისყრაზე, რადგანაც თქვენი პარტიის 20 დეპუტატის ხმა გადაწონის დანარჩენ 14-ს. თქვენ ეს იცით და წინასწარ ცნობილია შედეგიც. “ერთიანი ოსეთი” – ეს არის ერთი ადამიანის პარტია,” – განაცხადა “სახალხო პარტიის” დეპუტატმა ალექსანდრ პლიევმა.

 

პარტია “ხალხის ერთობის” მეთაურმა ვლადიმერ ქელეხსაევმა, ისე, რომ დიდად ვერ მიხვდა, თუ რა დათვური სამსახური გაწია, განაცხადა, რომ სანაკოევი, შესაძლოა, დამნაშავეა და შესაძლოა, ის არ იყო მთლად მართალი, შეთანხმების ეს პროექტი რომ გამოაქვეყნა, მაგრამ ამის გამო ის არ უნდა გაათავისუფლონ თანამდებობიდან. ქელეხსაევი მიიჩნევს, რომ სანაკოევისთვის უნდა მოესმინათ, “ყველას აქვს შეცდომის უფლება და პარლამენტს შეეძლო მის საქმიანობაში შეფერხებების გამოსწორებისთვის დრო მიეცა”.

 

პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა პირდაპირი ეთერის დროს უპასუხა სამი პარტიის პრეტენზიებს. მან განაცხადა, რომ “დეტალურად ახსნა კომიტეტის სხდომაზე და სესიაზე ის მიზეზები, თუ რატომ გამოჰქონდათ სანაკოევისთვის უნდობლობის ვოტუმი”.

 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე, რომელიც იმავე დღეს გაიმართა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი არ უნდა ჩაერიოს მთავრობის საქმიანობაში.

 

“პარლამენტს ნაკლებად აქვს საკანონმდებლო ინიციატივები და წინადადებები. უმრავლეს შემთხვევაში, ისინი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოდის, რაც პარლამენტის მუშაობაზე დადებითად სულაც არ აისახება,” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადააყენეს საგარეო საქმეთა მინისტრი, სამი საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებს არავითარი რეაქცია არ ჰქონიათ მცირე კომენტარების სახითაც კი მედიაში.

 

დავით სანაკოევის გადადგომა არ უკავშირდება უნდობლობის ვოტუმს, რომელიც მას ქვეყნის პარლამენტმა გამოუცხადა, – განაცხადეს ექსპერტებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საკადრო ცვლილება არ მოუტანს პოლიტიკურ დივიდენდებს პარლამენტის სპიკერ ანატოლი ბიბილოვს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიისთვის” თავმჯდომარის, ლირა ცხოვრებოვას თქმით, სანაკოევის გათავისუფლებაში ძირითადი და გადამწყვეტი როლი თავად პრეზიდენტმა შეასრულა და ამ საკადრო ცვლილებასთან პარლამენტის სპიკერს არავითარი კავშირი არა აქვს.

 

“რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, ამას ვხედავ,” – განუცხადა მან “ეხო კავკაზას”.

 

რუსი პოლიტოლოგის, ევგენი კრუტიკოვის აზრით, სამხრეთ ოსეთის პარლამენტს არავითარი კავშირი არა აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენებასთან.

 

“მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე სახით შეიძლება ჩაიწეროს ანატოლი ბიბილოვის აქტივში, სანაკოევის გადაყენებასთან პარლამენტს ფორმალური კავშირიც არა აქვს, რადგან ის ინიცირებული იყო ქვეყნის პრეზიდენტის მიერ და  ამ შემთხვევაში უნდობლობის ვოტუმებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი ინიცირებული იქნებოდა ვოტუმის მეორე ეტაპი, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა იმაზე საუბარი, რომ პარლამენტს ამასთან აქვს რაიმე კავშირი,” – განუცხადა მან “კავკაზსკი უზელს”.

 

კრუტიკოვმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მეთაურის რეპუტაცია კომპრომატირებული იყო პირად საკითხებთან დაკავშირებული გარემოებებით”. მას მხედველობაში ჰქონდა მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც დავით სანაკოევი მოჰყვა 17 აპრილს. მაგრამ კონკრეტულად რა იყო ამ ავარიაში მაკომპრომატირებელი, კრუტიკოვს არ დაუკონკრეტებია. ევგენი კრუტიკოვი ფიქრობს, რომ დავით სანაკოევი მზად იყო მისი გადაყენებისთვის ორი თვის წინათაც.

 

23 აპრილს სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს სანაკოევის ასეთი კომენტარი: “პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ჩემთან იყო შეთანხმებული, მე მზად ვარ შემდეგშიც ვემსახურო სამშობლოს და შევასრულო ის მოვალეობები, რაც პრეზიდენტმა დამაკისრა”.

 

თუმცა საინფორმაციო პორტალზე “ეხო კავკაზა” ჟურნალისტებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია:

 

“მედიისთვის არავითარი კომენტარი არ მიმიცია. მე არ ვეთანხმები ჩემს გათავისუფლებას, რადგან უწინდებურად მივიჩნევ, რომ ამისთვის არ არსებობს ობიექტური პროფესიული მიზეზები. ამ დროისთვის მე არ ვიმყოფები სამხრეთ ოსეთში და ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება, თუ სად გავაგრძელებ მომავალში საქმიანობას.”

 

“ამას გარდა, პოლიტიკოსი (დავით სანაკოევი) ეჭვობს, რომ მისი წასვლა მოხსნის წინააღმდეგობას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის”, – იუწყება “ეხო კავკაზა”.

 

ჟურნალისტ თემურ ცხურბათის აზრით, დავით სანაკოევის დათხოვნის რეალური მიზეზი არის ის, რომ მან გამოაქვეყნა რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების სხვა პროექტი.

 

“მე ვფიქრობ, რომ შეთანხმების პირველ პროექტთან დაკავშირებით ბიბილოვს ჰქონდა მოლაპარაკება მოსკოვთან. ხოლო ამის შედეგად საგარეო საქმეთა მინისტრის დათხოვნა – ეს არის პრიმიტიული ანგარიშსწორება დავით სანაკოევის ნამდვილი სამოქალაქო ქმედების პასუხად. ადრე მას მსგავსი გამბედაობა არ გამოუვლენია,” – განაცხადა თემურ ცხურბათიმ.

ამ დროისთვის იატაკქვეშა ბრძოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის, არამედ რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩის პოზიციის დასაკავებლად, რადგან ეს ორივე პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *