ახალი ამბები

თუ „ოცნება“ პროპორციულს არ გაიტანს, გამოჩნდება, რომ ეს არის თამაში – ხუხაშვილი

13 ნოემბერი, 2019 • 1474
თუ „ოცნება“ პროპორციულს არ გაიტანს, გამოჩნდება, რომ ეს არის თამაში – ხუხაშვილი

პოლიტიკის კომენტატორი გია ხუხაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ჩააგდებს კანონპროექტს, რომლითაც 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, — რაც თავის მხრივ, მრავალპარტიულ და პოტენციურად კოალიციურ პარლამენტს მისცემს საზოგადოებას — ცალსახად ცხადი გახდება, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესი არის „თამაში და საზოგადოების „გადაგდება“ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ფონზე“.

ამასთან, მისი აზრით, ასე განვითარებული პროცესი ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს დაამსხვრევს და ეს მას იმდენად ძვირად დაუჯდება, რომ შერეული წესითაც ვეღარ გაიმარჯვებს არჩევნებში.

რა ხდება?

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. კენჭისყრა ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება. ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

13 ნოემბერს, საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე, გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის უმრავლესობა მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

თუმცა მდინარაძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმდენი მოწინააღმდეგე, რომ დაპირება ვერ შესრულდეს, თუმცა, მისი თქმით, „ამისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები არ იქნება საკმარისი და ამას ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს“.

პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ ხვალამდე გადაედოთ კენჭისყრა, რათა კიდევ ერთხელ შეჯერებულიყო პოზიციები უმრავლესობაში. საბოლოოდ, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ პარლამენტი ამ საკითხს 14 ნოემბერს უყრის კენჭს.

ორი შესაძლო სცენარი

პოლიტიკის კომენტატორი გია ხუხაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ 14 ნოემბრის კენჭისყრის შედეგებით გამოჩნდება, „ქართული ოცნება“ „თამაშობს“ თუ არა:

„თუ კანონპროექტი გავიდა, ეს შეიძლება მივაწეროთ პოლიტტექნოლოგიას, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინოს საკუთარი პოზიციონირება, როგორც დემოკრატიის გარანტისა, შიდა პრობლემების მიუხედავად. მაგრამ ეს არ არის უბედურება, რადგან პროპორციულზე გადასვლა მაინც პოზიტივი იქნება. მაგრამ თუ კანონპროექტი ჩავარდა, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ ეს თამაში არ არის“.

მის თანახმად, კანონპროექტის ჩაგდების შემთხვევაში, ცალსახად ჩაითვლება, რომ ეს არის თამაში და საზოგადოების „გადაგდება“ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ფონზე.

ცვლილების გატანას პარლამენტარების 113 ხმა სჭირდება. პარლამენტში 150 დეპუტატია. შესაბამისად, თუკი 37-ზე მეტმა დეპუტატმა არ დაუჭირა ინიციატივას მხარი, ინიციატივა ჩავარდება.

„შეიძლება, რომ ერთი-ორი დეპუტატი მართლაც გამოვიდა კონტროლიდან, მაგრამ ის, რომ 37 დეპუტატი ამ ინიციატივის წინააღმდეგ წავიდეს, ეს ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმის გარეშე არის წარმოუდგენელი… კი ბატონო, რამდენიმე ადამიანზე ამის წარმოდგენა შეიძლება, მაგრამ ვსაუბრობთ ხალხზე, რომელიც 7-8 წლის განმავლობაში პულტზე ხელის დამჭერებად მუშაობდა. მათგან ასეთი ტიპის ბუნტი წარმოუდგენელია“, — გვეუბნება გია ხუხაშვილი.

„ამ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ 93-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი და „რანაირად ეწინააღმდეგება ახლა, როდესაც მათი ხელმოწერებიც არის დოკუმენტზე. ამას დავარქვი პოლიტიკური იდენტობის დისოციაციური აშლილობა, გაორება. ამის ლოგიკაში ჩასმა შეუძლებელია… ამ ინიციატივის გარშემო უნიკალური ვითარება გვაქვს, როდესაც ასეთ საარჩევნო კანონმდებლობაზე სრული კონსენსუსი შედგა მთელ პოლიტიკურ ელიტაში. ამ დროს კი თვითონ კანონპროექტის ინიციატორი ცდილობს, რომ ჩააგდოს“.

„ქართული ოცნების“ „დასასრულის დასაწყისი“

შესაბამისად, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სცენარის ამგვარად განვითარების შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ეს უდავოდ მართული პროცესია. „მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამასთან არ გვაქვს საქმე.“

ასეც რომ მოიქცეს, „ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი მაინც წაგებული დარჩება, ამბობს ხუხაშვილი და განმარტავს: „ხელისუფლება დღეს დგას ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის ფონზე. თუ ეს ყველაფერი [კანონპროექტის ჩაგდება] გაფორმდა, რომ მას შეეშინდა და ფაქტობრივად თავისივე ნათქვამი უკან წაიღო, ამან შეიძლება მისთვის პოლიტიკურად დამანგრეველი შედეგები მოიტანოს: მისი უძლეველობის მითის მსხვრევა. ასე რომ, ფასი, რომლის გადახდაც მოუწევს ივანიშვილს, თუ ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდა თუ არ ეთანხმებოდა, — ეს ყველაფერი ზღაპრებია — ფასი იქნება იმდენად მაღალი, რომ უკვე მაჟორიტარულ არჩევნებსაც ვეღარ მოიგებს“.

დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ამბობს, რომ პრინციპულად ეწინააღმდეგება მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას — თქვა, რომ თუკი ამ ინიციატივის მხარდაჭერას აიძულებენ, პარტიას დატოვებს. კიდევ ერთმა პარლამენტარმა, ირაკლი შიოლაშვილმაც განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში პარტიასაც და პარლამენტსაც დატოვებს.

„ნეტგაზეთის“ კითხვას, — ამ ფონზე, იმ ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ ეს ფიქტიური სცენარია, უნდა იყოს თუ არა უმრავლესობის პოზიცია უფრო მკაცრი და, მაგალითად, განაცხადონ: „ჩვენ, როგორც გუნდმა, პირობა დავდეთ და თუ ამ პრინციპს ვინმე ეწინააღმდეგება, მას გუნდთან აღარ აქვს არაფერი საერთო“ — გია ხუხაშვილი ასე პასუხობს:

„თქვენ საუბრობთ კლასიკურ პარტიაზე, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს და ფასეულობათა სისტემა უმაგრებს ზურგს. „ქართული ოცნება“ არ არის ამ ტიპის პარტია. თუ იქ არის აფექტური მდგომარეობა არჩევნების წაგების შიშის გამო, შიში როდესაც ხდება წამყვანი, იქ ლოგიკა ითიშება და იწყება სპონტანური მოქმედებები. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუ ჩავარდა ეს კანონპროექტი, ეს ყველა შემთხვევაში გაფორმდება „ქართული ოცნების“ „დამთავრების დასაწყისად“.

„პოლიტიკური შიშის დემონსტრირება ბიძინა ივანიშვილისთვის დამღუპველია და მან ეს კარგად იცის. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ეს შიში არ არის გადასული მართლაც კლინიკურ ფაზაში, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს. დაველოდოთ კენჭისყრას, რის შემდეგაც შეგვეძლება, ზუსტი დიაგნოზი დავსვათ“, — ამბობს ხუხაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი