ახალი ამბები

შიოლაშვილი და ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე პოზიციის შეცვლას არ აპირებენ

13 ნოემბერი, 2019 • 1737
შიოლაშვილი და ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე პოზიციის შეცვლას არ აპირებენ

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგ მაჟორიტარი დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე (მცხეთა) და ირაკლი შიოლაშვილი (სიღნაღი) აცხადებენ, რომ პოზიციის შეცვლას არც ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე აპირებენ.

მეტიც, როგორც ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქეთ ეცდებიან სხვა დეპუტატების დარწმუნებას მათი პოზიციის სისწორეში.

“ეს არის ჩემითვის წითელი ხაზი… ვხედავ რისკს ქვეყნის სტაბილურობისთვის”, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

“მე არ შევიცვლი პოზიციას… ვცდილობთ სხვა დეპუტატებიც დავარწმუნოთ. კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ  მაქსიმალურად ბევრმა დეპუტატმა დაგვიჭიროს მხარი. თუ იქნება პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა, მზად ვარ საერთოდ დავტოვო პარლამენტი”, – აცხადებს შიოლაშვილი.

“ჩემი პოზიცია მყარია და შეუცვლელი. მოხარული ვარ, რომ დღეს არ ჩატარდება კენჭისყრა. ეს ჩემთვის მისაღებია”, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე და ამტკიცებს, რომ დღეს “პროექტი ჩავარდებოდა”.

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული არჩევნებისთვის კენჭისყრა ხვალამდე გადადო.კენჭისყრა ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება. პლენარული სხდომია 12 საათზეა ჩანიშნული. მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩატარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მათთვის ცნობილი იყო რამდენიმე მაჟორიტარის ნეგატიური პოზიცია დაგეგმილ ცვლილებებზე, თუმცა, მისი თქმით, ბოლო დღეებში ასეთი პარლამენტარების რიცხვი გაიზარდა.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

13 ნოემბერს საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგაც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის უმრავლესობა მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

მდინარაძემ თქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმდენი მოწინააღმდეგე, რომ დაპირება ვერ შესრულდეს, თუმცა, მისი თქმით, „ამისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმები არ იქნება საკმარისი და ამას ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს“.

თუმცა განხილვის შემდეგ, კენჭისყრის დაწყებამდე, შესვენების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ ხვალამდე გადაედოთ კენჭისყრა, რათა კიდევ ერთხელ შეჯერებულიყო პოზიციები უმრავლესობაში.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან ითათბირა, რის შემდეგადაც გადაწყდა, რომ პარლამენტი ამ საკითხს 14 ნოემბერს უყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი