ახალი ამბები

თუ პროპორციული სისტემის პროექტი ჩავარდება, მრეწველები აქციას შეუერთდებიან – ნოზაძე

13 ნოემბერი, 2019 • 916
თუ პროპორციული სისტემის პროექტი ჩავარდება, მრეწველები აქციას შეუერთდებიან – ნოზაძე

“ქართული ოცნება – მრეწველების” ფრაქციიდან პარლამენტის წევრის, სიმონ ნოზაძის თქმით, თუ პროპორციული სისტემის პროექტი ჩავარდება, მრეწველები საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

“იქ არის რამდენიმე კოლეგა, რომლებიც პროპორციული არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგები არიან და მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მოულოდნელი კი ჩემთვის უმრავლესობის ერთგვარი მერყეობა აღმოჩნდა”, – ამბობს ნოზაძე.

მისი შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა საჭირო არ იყო, ვინაიდან უმრავლესობის პოზიცია ნათელია და “მე პირადად, პოზიციას არ შევიცვლი”.

მისივე თქმით, პროექტი არ ჩავარდება, რადგან ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი და “უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს”.

“ხმამაღლა შემიძლია გითხრათ, თუ ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ იმ მიტინგზე მრეწველებიც დადგებიან”, – ამბობს სიმონ ნოზაძე.

მმართველი პარტიის ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით (უქმდება მაჟორიტარების სისტემა) ჩატარების საკითხი განიხილეს. ამის შემდეგ პარლამენტში უნდა გაიმართოს კენჭისყრა.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ პროპორციული სისტემა, ნაცვლად 2024-სა, ამოქმედდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი