ახალი ამბები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის დაგეგმვისთვის კომისია შეიქმნა

28 აპრილი, 2015 • • 1989
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის დაგეგმვისთვის კომისია შეიქმნა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის მუშაობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მრჩეველთა 12-წევრიან საბჭოს. ის ძირითადად სახელოვნებო და სამეცნიერო ორგანიზაციების ხელმძღვანელებითა და სპეციალისტებით არის დაკომპლექტებულ, რომლებიც პროგრამის კონცეფციასა და დაგეგმარებაზე იმუშავებენ.

საბჭოს წევრები არიან მწერალი ნინო ხარატიშვილი, დავით ლორთქიფანიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ლაშა ბაქრაძე (ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი), ლევან გიგინეიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ირინა პოპიაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა), რეზო კიკნაძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია), გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), მამუკა ხაზარაძე („თიბისი ბანკი“), დავით დოიაშვილი (თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი), ოთარ ყარალაშვილი (წიგნის ხელოვნების ცენტრი), გიორგი კეკელიძე (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) და შტეფან ვაკვიცი (გოეთეს ინსტიტუტი).

საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობასა და პროექტის განხორციელებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. კულტურის სამინისტროს გარდა, კომიტეტის მუშაობაში აქტიურად იქნებიან ჩართული საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, რომლებიც კომიტეტში შესაბამისი მინისტრების მოადგილეებით იქნებიან წარმოდგენილი.

ისინი პროგრამის დაგეგმარებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, საორგანიზაციო და უწყებათაშორისი საკითხების გადაჭრას უზრუნველყოფენ.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი უხელმძღვანელებს. კულტურის სამინისტროსთან და მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ბაზაზე დაკომპლექტდება სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნიკურ მხარეს და ხელმძღვანელობას გაუწევენ საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის დაგეგმარებას და განხორციელებას, აცხადებს კულტურის სამინისტრო.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამით საქართველო ინდონეზიის, ნიდერლანდისა და საფრანგეთის შემდეგ წარსდგება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი