ახალი ამბები

დედაქალაქის საკრებულოსთან მოქალაქეები თბილისში ხეების ჭრას აპროტესტებენ

28 აპრილი, 2015 •
დედაქალაქის საკრებულოსთან მოქალაქეები თბილისში ხეების ჭრას აპროტესტებენ

ეს კონკრეტული აქცია არის ერთგვარი პროტესტი, რაც მოყვა 27 აპრილს იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების ჭრას. მოქალაქეები მოითხოვენ, რომ შეიცვალოს დედაქალაქის მერიის პოლიტიკა და მათ მხრიდან შეიქმნას ისეთი დამოკიდებულება, რომელიც მწვანე საფარს გაუფრთხილდება.

 

აქციის პარალელურად, 14:00 საათზე დაიწყება საკრებულოს სხდომა.

 

მოქალაქეების აქციას საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშილი შეუერთდა. მისი თქმით, ის იყო ახალგაზრდა იურისტრთა ასოციაციაში და დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ნახა, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა მოაწერა ხელი ბრძანებას, ხეები რომ მოჭრილიყო, ხოლო 27 აპრილს მოაწერა საპირისპირო ბრძანებას ხელი, რითაც თამარაშვილის 13-ში ხეების ჭრა შეაჩერა.

 

საკრებულოს წევრი გამოთქვამს ეჭვს, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს ბიძინა გიორგობიანსა და “არქი ჯგუფს” შორის იყო გარიგება. კომპანია ხეებს მოჭრიდა და მერია არ ამოიღებდა ხმას. 

 

იპოდრომზე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში კომპანია “არქი ჯგუფი “თავის პროექტს “green City” (მწვანე ქალაქი) აშენებს. 27 აპრილს კომპანიამ ხეები მოჭრა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

 

თბილისის მერიის ცნობით, კომპანიას ხეების მოჭრის ნებართვა ჰქონდა მიღებული, თუმცა განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ჰქონდა სწორად შედგენილი. გეგმას თბილისის საკრებულო განიხილავს, ხოლო მანამდე სამუშაოები შეწყვეტილია. 

 

28 აპრილს “არქი ჯგუფმა” გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ თამარაშვილის 13-ში ხეების ჭრა კანონიერად განახორციელა. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი