ახალი ამბები

29 აპრილს სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი „ტერფსიქორე“ დაიწყება

27 აპრილი, 2015 • • 1220
29 აპრილს სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი „ტერფსიქორე“ დაიწყება
სტუდენტური ფესტივალი 29 აპრილს – ცეკვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც UNESCO-ს დადგენილებით 1982 წლიდან აღინიშნება. 
 
 
ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება: სამეცნიერო კონფერენცია და სადისკუსიო კლუბი – სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო თემების პრეზენტაცია; პრობლემური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გამართვა; ფოტოგამოფენა; შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან (ქორეოგრაფებთან და მოცეკვავეებთან), მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების ვიდეოჩვენება და „ვორკშოპი“ (მასტერკლასი);
 
 
საკონცერტო პროგრამა შედგება სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლის წარდგენისა და ქორეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების ჩვენებისაგან.
 
 
პროექტში ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოცეკვავეებთან ერთად ცეკვის ყველა სახეობის – კლასიკური, სამეჯლისო, თანამედროვე- მოცეკვავეები მონაწილეობენ.
 
 
ორგანიზატორების განცხადებით,  პროექტი ატარებს, როგორც შემოქმედებით, ასევე შემეცნებით–საგანმანათლებლო ხასიათს და ემსახურება ქორეოგრაფიული დარგის განვითარებას.
 
 
ფესტივალის ორგანიზატორებს სურთ, რომ ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართოს, რომლის მიზანია დარგის პროფესიული ავტორიტეტის ამაღლება; პროფესიული ცოდნის გაღრმავება; შემოქმედებითი და სასწავლო-მეთოდური პრობლემების განხილვა.
 
 
პროექტის იდეის ავტორი და კოორდინატორი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი ანანო სამსონაძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი