პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. “ევროპული საქართველოს” აზრით, ეს პროცესი ბადებს კითხვის ნიშნებს, რომ ადგილი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაშლის მცდელობას.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ დანაპირები, რომელიც მივეცით ხალხს – მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. რასაც ჩვენ დილიდან ვუყურებთ, აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ მიმდინარეობს მცდელობა ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყევტილების ჩაშლისა. არავის მივცემთ საბაბს და საშუალებას, ეს ისტორიული გადაწყვეტილება შეფერხდეს. ამიტომ “ევროპული საქართველო” ხსნის” დარჩენილ პოლიტიკურ განცხადებებს და ველოდებით კენჭისყრას”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ.
ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში დღესაც არის “დუღილის ტემპერატურა”.
“რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე გეტყვით ახლა სახალხოდ იმას, რაც ხათუნა გოგორიშვილს ვუთხარი არასაჯაროდ. ძალიან კარგად იცით იმ დუღილის ტემპერატურის შესახებ, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით იყო და მათ შორის, დღესაც არის უმრავლესობაში, მაგრამ გეთანხმებით, რომ დღეს არის ისტორიული დღე და ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ამიტომ დუღილის ტემპერატურას კიდევ ქვევიდან შენთება არ სჭირდება და თუ შეიძლება, ეს გაითვალისწინეთ”, – მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას.
ამ თემაზე:
ბესელიას ვარაუდით, “ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაშლას აპირებს
