ყარაბაღის ომის დროს მილიონზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა. დევნილი ოჯახების უმეტესობა საცხოვრებლად აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში – ბარდაში, განჯაში, მინგეჩაურში, აგჯაბედში, სუმგაითსა და ბაქოში გადავიდა.
დევნილები აქ ძირითადად დაუსრულებელ სახლებში, სანატორიუმებში, საერთო საცხოვრებლებში, ვაგონებსა და კარვებში დასახლდნენ. ბევრი დევნილისთვის ცხოვრებისთვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის პრობლემა დღესაც ჩვეულებრივი ამბავია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამის შესახებ განკარგულებას ხელი 2004 წელს მოაწერა. სწორედ ამის შემდეგ ბევრ რეგიონში ახალი დასახლებების მშენებლობა დაიწყო. მაშინ ბევრი ოჯახი საცხოვრებლად ამ დასახლებებში გადავიდა. თუმცა ბევრი ოჯახი დღემდე ასეთ შესაძლებლობას ელოდება.
ირადა ჯაფაროვა 18 წლის იყო, როდესაც ქალაქ აგდამში სახლის დატოვება მოუწია. საცხოვრებლად ჯერ ბარდაში, შემდეგ კი მინგეჩაურში გადავიდა.
“ქმრის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. 7 ადამიანი ერთ პატარა ოთახში, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე. სოფელში მხოლოდ ერთი ჭა იყო, რომელსაც მთელი სოფელი, 3000 კაცი იყენებდა. წყლის რიგში საათობით ვიდექით ხოლმე”.
წლების შემდეგ ირადა და მისი ქმარი სამუშაოდ რუსეთში წავიდნენ, თუმცა რამდენიმე წელში წინ აზერბაიჯანში დაბრუნდნენ და პატარა ოთახის აშენება დაიწყეს.
“სახლს ჯართის ჩაბარებით ვაშენებდით. საბოლოოდ ავაშენეთ ერთი ოთახი, სადაც 15 წელზე მეტი ვიცხოვრეთ”.
ირადას 3 შვილი ჰყავს, სამივე ცივ ოთახში, ქვის იატაკზე გაიზარდა. ირადა ამბობს, რომ ასეთ პირობებში ცხოვრების გამო ბავშვებს ბევრი დაავადება აქვთ.
სალეხ მამადლის ხუთსულიან ოჯახს მაშინ მოუწია საკუთარი სახლის დატოვება, როდესაც მისი მშენებლობა დაასრულა. სალეხი ამბობს, რომ დღეს და ღამეს ასწორებდა სახლის ასაშენებლად. ახალ სახლში მხოლოდ 5 თვე იცხოვრეს. მერე ომი დაიწყო.
“თავიდან ვაგონში ვცხოვრობდით. ვერ წარმოიდგენთ, როგორი იყო იქ ცხოვრება ზაფხულში. 2 მცირეწლოვანი შვილი გვყავდა. დავიწყეთ ახალი სახლის ძებნა. ბაქოში ბეტონის ერთი ოთახი ვიპოვეთ და იქ გადავედით. ამ ერთ ოთახში კიდევ 3 ოჯახი შემოგვიერთდა”.
გარკვეული დროის შემდეგ მამადლის ოჯახმა სხვა, 10 კვადრატული ფართობის ოთახი კიდევ იშოვა. “ცუდად არ ვცხოვრობდით იქ, მაგრამ მალევე მისი მეპატრონე გამოჩნდა და იძულებული ვიყავით ის ბინაც დაგვეტოვებინა.”
მას შემდეგ ყოფილი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობენ.


აქ, ამ სანატორიუმში, სადაც მათი ოჯახი უკვე 10 წელია ცხოვრობს, კედლები ელექტროსადენებითაა დაქსელილი. ერთი საპირფარეშოთი 300 კაცი სარგებლობს. მამადლის შვილებმა იქვე, სანატორიუმში იქორწინეს და საცხოვრებლადაც იქ დარჩნენ. რამდენიმე წლის წინ მათი ოჯახი ბინის მომლოდინეთა სიაში მოხვდა. ახალი ბინის მიღებას ოჯახი ყოველდღე ელოდება.
20 წელია 60 წლის ვალიდა ცხოვრობს შენობაში, რომლის მშენებლობაც არ დასრულებულა.
“როდესაც აქ გადმოვედით, ამ შენობაში არავინ ცხოვრობდა. ის განკუთვნილი იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის. შენობაში თითქმის არ არის ფანჯრები, მაგრამ არჩევანი არ გვქონდა, სად წავსულიყავით.”
ვალიდა შვილთან და რძალთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობს. ოცნებობს იმაზე, რომ მისი შვილები სუფთა და უსაფრთხო გარემოში გაიზარდონ.
შენობაში კიბეებს ხელის მოსაკიდებელი არ აქვს. ამის გამო რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ბევრ ბავშს ტრავმა აქვს მიღებული.


საზოგადოებრივი გაერთიანება ადამიანის უფლებათა და მედიის რეგიონული ცენტრის თავმჯდომარის, ხალიდ კიაზიმოვის განმარტებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად აზერბაიჯანში სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს – იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად მიღებული იყო სახელმწიფო პროგრამაც.
“2001-2013 წლებში ნავთობის სახელმწიფო ფონდისა და სხვა წყაროების დაფინანსებით 82 თანამედროვე დასახლება იყო აშენებული ყველა სოციალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით. ამ დასახლებებში აშენდა 139 სკოლა, 45 კულტურული ცენტრი, 51 საბავშვო ბაღი და 55 სამედიცინო პუნქტი. ახალ ბინებში 40 ათასი დევნილი ოჯახი დაასახლეს. 2014 წელს კი დამატებით დასახლებები აშენდა 632 ოჯახისთვის აგდამის რეგიონში და 101 ოჯახისთვის – გაჯიგაბულში. ბეიკაგანსის დასახლებაში 320 ოჯახის დასახლება დაიწყო. განჯაში უკვე მზადაა დასახლება 600 ოჯახისთვის. მინგეჩაურში კი 11 ცხრასართულიანი კორპუსი აშენდა”, – ამბობს ხალიდ კიაზიმოვი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე იძულებით გადაადგილებული პირია.
ხალიდ კიაზიმოვი იმ პრობლემების შესახებაც ყვება, რომლებიც დევნილებისთვის აშენებულ დასახლებებში არსებობს.
“ერთ-ერთ დასახლებაში ამ დრომდე არ მუშაობს საბავშვო ბაღი. არ არის სასმელი წყალი, არ არის სასაფლაოსთვის განკუთვნილი ტერიტორია. ხალხი უმუშევარია. შენობების ნაწილში არ არის ცხელი წყალი. ეს უცნაურია, რადგან ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფული იყო გამოყოფილი. სასაფლაოები კი ძალიან მტკივნეული თემაა დევნილებისთვის. ადამიანები იძულებული არიან ახლობლები სხვა სოფლებში დამარხონ. გარდა ამისა, არ არის უსაფრთხო სასმელი წყალი. ბევრი ადამიანი წყლის მოსატანად 2 კილომეტრს გადის”, – ამბობს ხალიდ კიაზომოვი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტის პრესმდივანი, ელჩინ გადიმოვიც ამბობს, რომ ბევრი დევნილი საცხოვრებლად შეუსაბამო პირობებში ცხოვრობს, თუმცა ხელისუფლება ამ კუთხით მუშაობას აგრძელებს.
მისივე თქმით, ამჟამად 300 ათასი დევნილი ახალ სახლს ელოდება.

![]() |
| |||||





