ბაქო-სუფსის ნავთობსადენი კომპანია “British Petroleum”-მა 1999 წლიდან გაუშვა ექსპლოატაციაში. ნავთობსადენს წელიწადში 7 მილიონ ტონა და დღეში 140 ათასი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია. 833-კილომეტრიანი მილსადენის მონაკვეთი, დაახლოებით 1250 მეტრი – სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ლენინგორის [ახალგორი – რედ.] რაიონის სოფელ ორჭოსანთან გადის.
ნავთობსადენი რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 1 კილომეტრით იჭრება, თუმცა, როგორც ალან ჯუსოევი, მოძრაობა “შენი არჩევანი – ოსეთის” ლიდერი იხსენებს, ნავთობსადენი უფრო ღრმად უნდა შეჭრილიყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, პროექტის დაგეგმვის პერიოდში, 1990-იან წლებში, სამხრეთ ოსეთში ჩადიოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ესაუბრებოდნენ მიზნობრივ ჯგუფებს, აწარმოებდნენ კვლევებს ნავთობსადენთან დაკავშირებულ საკითხზე.
ჯუსოევის თქმით, თავდაპირველი პროექტით ნავთობსადენს უნდა გაევლო ლენინგორის ტერიტორიაზე:
“იმ პერიოდში ამ რაიონზე არ ვრცელდებოდა სამხრეთ ოსეთის იურისდიქცია, ეს ტერიტორია საქართველოს მიერ იყო ოკუპირებული. ამის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთში კონსულტაციებისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, კომპანია British Petroleum-ის მიერ მიღებული იქნა ნავთობსადენის გადატანის გადაწყვეტილება 10 კილომეტრით ახლოს საქართველოს საზღვართან.”
ალან ჯუსოევის თქმით, ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მაშინაც კი საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე ესმოდათ სიტუაციის არსი და არ მიიჩნევდნენ სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიად.
ამ ფონზე კიდევ უფრო უცნაურია ის, თუ რატომ სდუმან ამ საკითხზე სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები. ადგილობრივ გაზეთ “რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორი აღნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, ესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ დასვეს ნავთობის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესების საკითხი. აღნიშნული წყარო აცხადებს: “ჩვენ ნათლად მიგვანიშნეს, რომ კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმი”, რომელიც ნავთობსადენს უწევს ექსპლოატაციას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიად და ყველა მოთხოვნაზე სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე პასუხობდა. ჩვენ ისღა გვრჩებოდა, რომ გადაგვეთხარა ნავთობსადენი, რაც, ცხადია, სიტუაციის დამატებით გამწვავებას გამოიწვევდა. ასეთივე მიდგომით, ჩვენ უნდა ჩამოგვეგდო სამგზავრო ავიაკომპანიების თვითმფრინავები, რომელთა ხელმძღვანელობა არ გვიხდის ჩვენს საჰაერო სივრცეში ფრენისთვის გადასახადს”.
საკმაოდ უცნაური განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის თანხის მოსათხოვად აუცილებელია, რომ გაწიო შესაბამისი მომსახურება, რისი შესაძლებლობაც სამხრეთ ოსეთს არ გააჩნია. თანაც, თვითმფრინავების ჩამოგდება არავისთვისაა სარგებლის მომტანი, ნავთობსადენს კი ნამდვილად შეუძლია მატერიალური მოგების მოცემა.

“ოსური რადიოს” მთავარი რედაქტორი ოლეგ კუდუხოვი ამ საკითხზე გამოქვეყნებულ წერილში კითხულობს: “რატომ არ დგას სოფელ ორჭოსანთან პატარა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც იაფი საწვავით უზრუნველყოფდა რესპუბლიკას?”
ფაქტია, რომ მილი გადის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და შესაძლოა იშვიათად, მაგრამ მაინც საჭიროებს მომსახურებას. შესაბამისად, ორივე მხარე (სამხრეთ ოსეთი და ნავთობსადენის მესაკუთრე British Petroleum) დაინტერესებული უნდა იყოს ამ საკითხზე დიალოგით.
ალან ჯუსოევის თქმით, ნავთობსადენი, შესაძლოა, გახდეს ლეგიტიმაციის ფაქტორი:
“მნიშვნელობა არა აქვს, რა სტატუსი ექნება სამხრეთ ოსეთს, გასაგებია, რომ არა – საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელია. პირველ რიგში, შესაძლებელია ფულის შოვნა, მეორე მხრივ, შენი დიალოგის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება,” – მიიჩნევს ის.
თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნავთობსადენი მთელი ევროპისთვის, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ განხილვებით, რაც 2008 წლის აგვისტოში იყო: სანამ ნამდვილი ომის პარალელურად გამძაფრებული ინფორმაციული ომი მიდიოდა, ეკონომისტები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, თუ ვინ დაიწყო ომი და ვისი ბრალი იყო ეს, საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველო კარგავდა თავის პოზიციებს, როგორც ნავთობის მთავარი ტრანზიტორისა რეგიონში.
დღეს კი სამხრეთ ოსეთს არ აწყენდა კიდევ ერთხელ თავი შეეხსენებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამ საკითხის წამოწევით, თანაც არსებობს სავსებით პრაქტიკული მოტივაცია ამის გასაკეთებლად. ცხადია, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იმის გამო არ დუმს, რომ არ ესმის ან ვერ აცნობიერებს საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობას. შესაბამისად, საზოგადოებაში, შესაძლოა, სავსებით საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდეს, რომ ვიღაც უკვე იღებს რესპუბლიკაში ნავთობის ტრანზიტის საფასურს და, სამწუხაროდ, ეს ვიღაც სამხრეთ ოსეთის ხალხი არ არის.
სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხის კომენტირება არ ისურვეს. ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით მურატ ჯიოევს, ჟენევის მოლაპარაკებებში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, თუმცა, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მან ჩვენთან საუბარი მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა.
![]() |
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |

