ახალი ამბები

„შეუძლებელია“ – თურნავა წყალტუბოს სანატორიუმების 1 ლარად გაყიდვაზე

11 ნოემბერი, 2019 • 1432
„შეუძლებელია“ – თურნავა წყალტუბოს სანატორიუმების 1 ლარად გაყიდვაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ „შეუძლებელია“, წყალტუბოში სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ძველი სანატორიუმები 1 ლარად გაიყიდოს. მისი თქმითვე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საწყისი ფასი 47.5 მილიონი ლარია.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ აპირებს, წყალტუბოში შეისყიდოს სანატორიუმები და აბანოები. იქ 22 სანატორიუმი და 9 აბანოა, რომელთა ნაწილიც პრივატიზებულია. სახელმწიფოს ბალანსზე ამჟამად 15 სანატორიუმია.

ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ ბიზნესს მოუწოდებს, ჩაერთონ პროექტში, თვითონ კი ამ პროექტის განხორციელების განარტორი იქნება: „მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ“.

მანამდე, 29 ოქტომბერს, როდესაც ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აფასებდა ივანიშვილის ამ ინიციატივას, თქვა: „დღემდე ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, მზად ვიყავით, თუნდაც ერთ ლარად გადაგვეცა რომელიმე ინვესტორისთვის, ოღონდ ამაში ფული ჩაედოთ“. თუმცა კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქონება ერთ ლარად გადაეცეს, თქვა, რომ ეს არ უთქვამს, თუმცა არც ის დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა შენობების ვინმესთვის ერთ ლარად გადაცემა.

11 ნოემბერს კი, ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადაეცეს აღნიშნული შენობები, უპასუხა: „შეუძლებელია იმიტომ, რომ ვხედავთ ისეთ ინტერესს, რომ საბაზრო ფასად გაიყიდება“.

ეს კომენტარი თურნავამ სასტუმრო „რედისონში“ წყალტუბოს განვითარების გეგმის წარდგენის შემდეგ გააკეთა. მისი თქმითვე, ამ 15-ვე სასტუმროს საწყისი საბაზრო ფასი 47.5 მილიონი ლარია. „მე დარწმუნებული ვარ, რომ მსურველი გამოჩნდება, იმიტომ, დღესაც უკვე ითქვა, რომ ეს არის საინტერესო [შეთავაზება]“, – განაცხადა თურნავამ.

მისი ცნობით, კერძო მესაკუთრეები, ვინც უკვე ფლობენ სანატორიუმ-აბანოებს წყალტუბოში, „არავინ არ აპირებს გასხვისებას“.

ნახეთ ასევე:

ივანიშვილის გეგმა წყალტუბოზე — დეტალები და რისკები

მასალების გადაბეჭდვის წესი