თემურ აბაზოვი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამ ინფორმაციას ის ნეტგაზეთს თავად უდასტურებს.

აბაზოვი ყვება, რომ გუშინ, 9 ნოემბერს, ფედერაციის 21 წევრი, მათ შორის, პრეზიდიუმის წევრები აირჩიეს. არჩევნებში მონაწლეობას კი თავად სპორტსმენები, 17 კლუბის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

რაც შეეხება მის მოვალეობებს, აბაზოვი გვიყვება, რომ ამ უხელფასო თანამდებობაზე საზოგადოებრივ საკითხებს გაუძღვება, შეჯიბრებების ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

ნეტგაზეთმა მას ასევე ჰკითხა, მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების ფონზე, ხომ არ იყო მისთვის პრობლემური ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნა, რაზეც აბაზოვმა გვიპასუხა:

“არა, ვინაიდან ბევრს უნდოდა, მე რომ ვყოფილიყავი ამ თანამდებობაზე, ბევრს ჰქონდა სურვილი, შესაბამისად, მე, როგორც სპორტსმენს უარი არ მითქვამს და მინდა, რომ გვერდში დავუდგე და დავეხმარო,“ – ამბობს თემურ აბაზოვი ნეტგაზეთთან.


აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

აბაზოვი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს. ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მისი საქმზე სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა. 

ამავე თემაზე:

აბაზოვი: მოწმის თქმით, ალაჰვერდიევმა სახეზე ლუდი წაისვა და არა – შარდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან