მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
თემურ აბაზოვის განცხადებით, ბრალდების მოწმემ სასამართლოში თქვა, რომ მასთან საუბარში ელჩინ ალაჰვერდიევმა აღიარა, თითქოს სახეზე ლუდი წაისვა და არა შარდი, ხოლო მეორე დღეს საკუთარი შარდით დასვრილი ჭიქა ინციდენტის ადგილას დააგდო.
სასამართლოში მოიყვანეს ბრალდების ორი მოწმე. ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ ელჩინ ალაჰვერდიევს უსაუბრია, “ეს გავაკეთე იმის გამო, რომ თემურ აბაზოვი დაკავებულიყო, ვინაიდან მასზე განაწყენებული ვარ და სამსახურში არ მიმიღოო”. სამსახურში აყვანა უნდოდა და მაშინ განუცხადებია, რომ “სულელი კი არ ვარ, შარდი წამესვაო, ლუდი იყოო”. ეს განაცხადეს ბრალდების მოწმეებმა. ჩემთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა, რა სითხე იყო ეგ, ვინაიდან მე უდანაშაულო ვარ და ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ აუცილებლად”, – განუცხადა ნეტგაზეთს თემურ აბაზოვმა.
ნეტგაზეთი საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ინციდენტის ადგილიდან ამოღებულ ჭიქაში ნამდვილად ელჩინ ალაჰვერდიევის შარდი იყო, ხოლო რომელ მოწმეზე დაწყრდნობით საუბრობს მარნეულის ყოფილი მერი, გაუგებარია.
მარნეულის ყოფილმა მერმა ნეტგაზეთს ასევე განუცხადა, რომ დღეს კიდევ ერთმა ბრალდების მოწმემ ისაუბრა სასამართლოში მისთვის სასარგებლო გარემოებაზე, კერძოდ:
ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ ამ ამბიდან მეორე დღეს ელჩინ ალაჰვერდიევი უნახია დაახლოებით იქ, სადაც ეს ამბავი მოხდა. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ მან პროვოკაცია გააკეთა და მეორე დღეს დააგდო შარდიანი ჭიქა”.
თავად ელჩინ ალაჰვერდიევი მედიასთან კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა რადიო “მარნეულს” მიმდინარე წლის 13 ივნისს რეპლიკის სახით უთხრა, რომ “ყველამ ყველაფერი იცის, რაც მოხდა და ამის შესახებ სახელმწიფოსაც ძალან კარგად აქვს ინფორმაცია”. მისივე რეპლიკით, ამ საქმეში “კიდევ ბევრი რამ ითქმება”.
თემურ აბაზოვის საქმე
თემურ აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. 2018 წლის სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.
რადიო მარნეულმა და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მაშინდელი მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქე ელჩინ ალაჰვერდიევს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.
ინციდენტამდე, ელჩინ ალაჰვერდიევმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ხოლო ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა. მოგვიანებით სხვადასხვა ფეისბუკ-ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.
როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის იმდროინდელი მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.