ახალი ამბები

ძალიან ცუდი სანახავი იყო, რაც გუშინ მოხდა – კახა კალაძე

9 ნოემბერი, 2019 • 754
ძალიან ცუდი სანახავი იყო, რაც გუშინ მოხდა – კახა კალაძე

ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ და რაც გუშინ მოხდა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კონოჩვენებასთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას.

“მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა – საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების ადამიანები, განსხვავებული სარწმუნოების ადამიანები, ასევე, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები და ყველას უფლებები ყოველთვის იყო დაცული, დღესაც იქნება დაცული და მომავალშიც”, – განაცხადა კახა კალაძემ.

8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი