ახალი ამბები

მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მაკო გომური მიიღებს დაზარალებულის სტატუსს – თალაკვაძე

7 ნოემბერი, 2019 • 762
მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მაკო გომური მიიღებს დაზარალებულის სტატუსს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მიაჩნია, რომ 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიანიჭონ. მაკო გომურმა აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

„მიმაჩნია, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი. ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე. მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, — და იმედით ველოდები, რომ უფრო მეტად ადრე, — ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს“, — თქვა არჩილ თალაკვაძემ 7 ნოემბერს ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“.

წამყვანის კითხვაზე პასუხად თქვა: „აქამდე მას უნდა მიეღო დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მიიღო სრული ყურადღება, თუ რამე სჭირდება, გვითხარით და მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

მაკო გომურს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციამ, რომელიც მაკო გომურის ინტერესებს იცავს, სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სხვა პირებთან ერთად სტატუსის მინიჭებაზე მაკო გომურს სასამართლომაც უარი უთხრა.

ამ დრომდე მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული და პროკურატურამ და სასამართლომ სხვა ადამიანებს, მათ შორის, მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი, სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ამასთან, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული ჟურნალისტებს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, მაგალითად, თამარ ბაღაშვილს. დაზარალებულის სტატუსი არ აქვს არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

პარალელურად, NGO-ები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად არის ცნობილი.

მაკო გომური: ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო

მასალების გადაბეჭდვის წესი