ახალი ამბები

მაკო გომური: ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო

6 ნოემბერი, 2019 • 2515
მაკო გომური: ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს, დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო

20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა, აცხადებს, რომ დღეს ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს, სადაც ეკითხებიან, ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა:

“4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?” – წერს მაკო გომური.

მაკო გომურს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციამ, რომელიც მაკო გომურის ინტერესებს იცავს, სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სხვა პირებთან ერთად სტატუსის მინიჭებაზე მაკო გომურს სასამართლომაც უარი უთხრა.

ამ დრომდე მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული და პროკურატურამ და სასამართლომ სხვა ადამიანებს, მათ შორის, მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი, სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ამასთან, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული ჟურნალისტებს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, მაგალითად, თამარ ბაღაშვილს. დაზარალებულის სტატუსი არ აქვს არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

პარალელურად, NGO-ები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად არის ცნობილი.

განახლება:

პროკურატურაში აცხადებენ, რომ 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა სტანდარტული პროცედურები:

აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი