Georgia Capital ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში $540 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

Georgia Capital-ის დაფუძებული Georgia Real Estate Holding შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში 540 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ბურდილაძე ამბობს, ეს თანხა სასცხოვრებელ  კომპლექსებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტუმროების მშენებლობას მოხმარდება. 

დღეს, 7 ნოემბერს გამართულ პრეზენტაციაზე ირაკლი ბურდილაძემ ასევე განაცხადა, რომ “საქართველოს კაპიტალი” (Georgia Capital) აფუძნებს Georgia Real Estate Holding-ს, რომელიც გააერთიანებს როგორც M2-ის ჯგუფს [სამშენებლო კომპანია M2 და სამშენებლო კომპანია BK Construction], ისე ტურიზმის მიმართულებას, რომელსაც “Amber ჯგუფი” ერქმევა. მისი თქმითვე, “Amber ჯგუფი” ფოკუსირებული იქნება ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საქართველოში მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვაზე.

ამასთან, m2 ჯგუფს ახალი გენერალური დირექტორი შოთა ბერიკაშვილი ეყოლება. Georgia Real Estate Holding-ს კი ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს. 

ირაკლი ბურდილაძე

“უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ 12 სასტუმროს გახსნას. ერთ-ერთი მათგანი იქნება საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Kempinski, რომელიც თბილისში გაიხსნება. ამ თორმეტ სასტუმროში 1 200 ოთახზე მეტი იქნება განთავსებული, ხოლო  ჯამური ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღემატება”, – ამბობს ბურდილაძე.

“Amber ჯგუფი” სასტუმროების მშენებლობას საქართველოს შემდეგ რეგიონებში გეგმავს: კახეთი, რაჭა, სვანეთი, სამეგრელო და იმერეთი.

კახეთში ორი სასტუმრო აშენდება. ერთ-ერთის სახელი იქნება “Amber ახაშენი”, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მისი მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

რაც შეეხება მეორე სასტუმროს, “Amber თელავს”, ბურდილაძის თქმით, 130-ოთახიანი სასტუმროს მშენებლობის დასრულებაც 2021 წელს იგეგმება. ამ შემთხვევაში ჯამური საინვესტიციო მოცულობა 13 მლნ აშშ დოლარს აღწევს. 

Gudauri Lodge – ასე ერქმევა “Amber ჯგუფის” სასტუმროს, რომელიც წლევანდელ სეზონზევე გაიხსნება. 121-ოთახიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 13 მლნ აშშ დოლარია. 

რაც შეეხება რაჭას, “Amber შოვი” შოვში 2021 წელს გაიხსნება და მისი საინვესტიციო მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარი იქნება.

კახეთის მსგავსად, “Amber ჯგუფი” მესტიაში ორის სასტუმროს აშენებას გეგმავს – “Amber მესტიასა” და “Amber მესტია სვეტის” საინვესტიციო ღირებულება, ჯამში, 16 მლნ აშშ დოლარი იქნება. ორივე სასტუმროს გახსნა რეგიონში 2020-2021 წლებში იგეგმება. 2020 წელს გაიხსნება 121-ოთახიანი სასტუმრო ქუთაისში. “Ramada ქუთაისის”  საინვესტიციო მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს. 2022 წელს გაიხსნება სასტუმრო “Wyndham” ზუგდიდში, რომლის ჯამური ღირებულებაც 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 

ირაკლი ბურდილაძეს ვკითხეთ, რუსეთის მიერ ე.წ ტურისტული ემბარგოს პირობებში რამდენად არის ძვირადღირებულ სასტუმროებზე მოთხოვნა ბაზარზე:

“ბუნებრივია, ბაზრის მოთხოვნები კარგად გვაქვს შესწავლილი. სხვა შემთხვევაში, ასეთი მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებაზე საუბარი არ გვექნებოდა. “Amber ჯგუფის” შექმნის მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ ფოკუსირებული ვიყოთ მაღალმხარჯველიან ტურისტებზე. ასეთი ტურისტული ნაკადები ჩვენთან სწორედ ევროპული ქვეყნებიდან და ამერიკიდან მოდიან. 540 მლნ აშშ დოლარი არის ის თანხა, რომელიც ჩაიდება Georgia Real Estate Holding-ის მიერ როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების კუთხით, ასევე სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში. ამ თანხის ნაწილი Georgian Capital-ის მიერ არის ინვესტირებული ჩვენს კომპანიაში, ნაწილი კი -ჩვენ მიერ გენერირებული მოგების რეინვესტირება.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.