ახალი ამბები

პეტრე ცაავა ბერძნულ ეკლესიაში მღვდელმსახურების შესაძლო გაგრძელებას ჭორს უწოდებს

4 ნოემბერი, 2019 • 1852
პეტრე ცაავა ბერძნულ ეკლესიაში მღვდელმსახურების შესაძლო გაგრძელებას ჭორს უწოდებს

მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიიდან და მიტროპოლიტობიდან განყენებული პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ჭორია, თითქოს ის აპირებს, მღვდელმსახურება ბერძნულ ეკლესიაში გააგრძელოს.

აღნიშნული განცხადება განყენებულმა მიტროპოლიტმა მარტვილში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. პეტრე ცაავამ ეპარქია დღეს უნდა დატოვოს და აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს.

თუმცა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი არ აკონკრეტებს, თუ სად გააგრძელებს მოღვაწეობას:

“[ვაპირებ] დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად. მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილების. სახარებისა სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო სჯულის კანონის ფარგლებში უსამართლობას. უწმინდურობას არ დავემორჩილები”, – ამბობს პეტრე ცაავა.


სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ტერმინოლოგიით ისაუბრა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის „პედერასტიასა და მამათმავლობაზე“.

სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა მოგვიანებით თქვა, რომ პეტრე ცაავამ ამ საკითხებზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მთავარეპისკოპოსობა შეუჩერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი