ახალი ამბები

ლიეტუვური მედია: საქართველოს ყოფილ ელჩს „ქირის გადაუხდელობის გამო“ უჩივლეს

3 ნოემბერი, 2019 • 1881
ლიეტუვური მედია: საქართველოს ყოფილ ელჩს „ქირის გადაუხდელობის გამო“ უჩივლეს

ლიეტუვური მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძეს, სასამართლოში უჩივლეს ბინის ქირის გადაუხდელობის გამო და ჯარიმაც დააკისრეს, რომელიც მას არ გადაუხდია. რა განმარტებას აკეთებს ყოფილი დიპლომატი?

გამოცემა Lietuvos rytas-ის ცნობით, 2016 წლის სექტემბერში სალუქვაძემ, მაშინ უკვე ელჩმა, გააფორმა გრძელვადიანით ხელშეკრულებით იქირავა ძვირადღირებული ბინა ვილნიუსის მთავარ ქუჩაზე, გედემინასის პროსპექტზე;

გამოცემის ცნობით, მან ხელშეკრულება დადო ესპანეთის მოქალაქე მანუელ რუის გარსიასთან, რომელსაც ყოველთვიურად 3050 ევროს უხდიდა; ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 21 სექტემბერს იწურებოდა.

გამოცემის თანახმად, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, ელჩს ხელშეკრულება არ განუახლებია, ისე გააგრძელა ცხოვრება აპარტამენტში და მხოლოდ 2019 წლის აპრილში გადავიდა იქიდან, — მას შემდედ, რაც ელჩის უფლებამოსილება ამოეწურა.

გაზეთის თანახმადვე, 2019 წლის ივლისში — მას შემდეგ, რაც მეპატრონეს უჩივლა — სასამართლომ მას ბინის, იჯარისა და სასამართლო ხარჯების გადახდა დააკისრა. სტატიის თანახმადვე, სალუქვაძე უარყოფს ვალის არსებობას.

„რაც გადასახდელი მქონდა, გადახდილი მაქვს“

სალუქვაძემ ქართულ გამოცემა bm.ge-ს განუცხადა, რომ ეს „საყოფაცხოვრებო ისტორიაა“, რომელიც „სავარაუდოდ, გარკვეულ დაინტერესებულ ძალებს პოლიტიკურ ჭრილში“ გადაჰყავთ მისი რეპუტაციის დაზიანების მიზნით. ის განმარტავს, რომ ქართველი დიპლომატები ელჩად მივლინებისას საცხოვრებელ ბინას ქირაობენ, როგორც ფიზიკური პირები; გაეცანით მის განმარტებას:

„ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. შემდეგ მოხდა ისე, რომ ლიეტუვაში ჩემი ელჩად მუშაობის დასრულების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია, ამიტომ მომიწია ვილნიუსში დარჩენა და როგორც ელჩი ჩვეულებრივ ვმუშაობდი. შესაბამისად, ვცხოვრობდი იმ ბინაში, რომელიც უკვე 5 წელი ნაქირავები მქონდა და კონტრაქტის მიხედვით დეპოზიტზე რამდენიმე თვის ქირა წინასწარ იდო, რომელიც ბოლო თვეებში შესაძლებელია ქირის გადასახდელად მიიმართოს.

ამავე დროს, ამ ბინაში ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში მოხდა უაღრესად არასასიამოვნო ფაქტი – ბინაში შემოვიდა მძარცველი, როდესაც ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი სახლში იმყოფებოდა და მოხდა ძარცვა. ვილნიუსის პოლიცია ამ საქმეს იძიებს. აქედან გამოდინარე, ბუნებრივია, ბინის მეპატრონესთან გამიჩნდა უსაფრთხოებასთან და დაუცველობასთან დაკავშირებული პრეტენზია, რაზეც ზემოაღნიშნულმა ესპანეთის მოქალაქემ თანამშრომლობა არ მოისურვა და ეს ფაქტი დამატებითი უკმაყოფილების წყაროდ იქცა.

ვინაიდან ლიეტუვადან ჩემი წამოსვლის ვადა რამდენჯერმე შეიცვალა 3-4 თვის ვადით, ბინის მეპატრონე ესპანეთის მოქალაქემ ეს ფაქტი გამოიყენა იმისთვის, რომ მოეთხოვა ახალი, გაზრდილი გადასახადი, ამან პრაქტიკულად მისი მხრიდან გამოძალვის სახე მიიღო, როდესაც მან გადაწყვიტა დიპლომატიური სენსიტიურობა დამატებითი შემოსავლის წყაროდ გამოეყენებინა; რადგან ახალ კონტრაქტს ვერ დავდებდი იმის გამო, რომ წამოსვლის ვადა გაურკვეველი იყო, დარჩენილი თვეების განმავლობაში ქირის გადახდა ჩვეულებრივ ხდებოდა – მეპატრონე იღებდა არსებული კონტრაქტით განსაზღვრულ ქირას, რადგან კონტრაქტის მიხედვით, დეპოზიტზე რამდენიმე თვის ქირა წინასწარ იდო და ბუნებრივია, გამორიცხული იყო თანხის გადაუხდელობის და „გადაგდების“ მომენტი.

შემდეგ უკვე საქართველოში წამოვედი და შეიძლება, სასამართლოში მართლაც შეიტანა სარჩელი, რადგან ბინის მეპატრონე ესპანეთის მოქალაქისთვის ეს გახდა ფულის გამოძალვის წყარო, მაგრამ მე რაც გადასახდელი მქონდა, ის გადახდილი მაქვს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი