ახალი ამბები

ჩვენზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა – „მაესტრო“

3 ნოემბერი, 2019 • 1280
ჩვენზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა – „მაესტრო“

ტელეკომპანია „მაესტრო“ იუწყება, რომ მათზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა.

„პარალიზებულია ცენტრალური საეთერო, სერვერები, სამონტაჟოები და შიდა ქსელი. შეფერხებით მუშაობს არხის ფეიბუკის გვერდიც“, — დაწერა 3 ნოემბერს არხის ფეისბუკის გვერდმა.


28 ოქტომბერს ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებების, სასამართლოების, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ვებსაიტები.

ერთ-ერთი სერვერის, პროსერვისის, თანახმად, შეტევის სამიზნე ათასობით საიტი იყო.

აღნიშნული საიტების მთავარ გვერდზე ჩანდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკააშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (მე დავბრუნდები).

გამოძიება თავდაპირველად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს.

მოგვიანებით გამოძიებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლი, რაც კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

31 ოქტომბერს ტელევიზიებს მუქარის წერილი მიუვიდათ, რის შემდეგაც შსს-მ განაცხადა, რომ „კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო“.

აღნიშნული წერილი რამდენიმე ტელევიზიამ და სახელმწიფო უწყებამ მიიღო, მათ შორის „ტვ პირველმა“, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, „რუსთავი2-მა“, „იმედმა“, „მთავარმა“ და სხვებმა.

„წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, — წერს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი