ახალი ამბები

მუქარის ახალ წერილებს კიბერშეტევის გამოძიების ფარგლებში შევისწავლით – შსს

31 ოქტომბერი, 2019 • 2230
მუქარის ახალ წერილებს კიბერშეტევის გამოძიების ფარგლებში შევისწავლით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო“.

აღნიშნული წერილი რამდენიმე ტელევიზიამ და სახელმწიფო უწყებამ მიიღო, მათ შორის „ტვ პირველმა“, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, „რუსთავი2-მა“, „იმედმა“, „მთავარმა“ და სხვებმა.

„წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, — წერს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ეს გამოძიება რამდენიმე დღის წინ ათასობით ვებგვერდის გატეხვის შემდეგ დაიწყო. ვებსაიტებზე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩანდა, წარწერით „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

მასალების გადაბეჭდვის წესი