ახალი ამბები

ის განცხადება მეუფე პეტრემ სასჯელის მოსმენის შემდეგ გააკეთა — ეპისკოპოსი საბა

31 ოქტომბერი, 2019 • 1972
ის განცხადება მეუფე პეტრემ სასჯელის მოსმენის შემდეგ გააკეთა — ეპისკოპოსი საბა

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი აცხადებს, რომ მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჰომოსექსუალობასა და პედოფილიაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მას მთავარეპისკოპოსობა შეუჩერეს და სინოდზე ოფიციალურად არ დაუყენებია.

„ის განცხადება, რომელიც ჟურნალისტებთან გამოსვლისას გააკეთა, როდესაც მოისმინა სასჯელი, აი, მაშინ, ბოლოს მივიდა პატრიარქთან და ასე, თითებით დაუწყო საუბარი და ამ ბრალდების წაყენება, რის შემდეგაც მან დატოვა [სინოდის სხდომა]“, — განაცხადა საბა ინწკირველმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მთავარეპისკოპოსის სტატუსი შეუჩერეს და ეპარქია ჩამოართვეს. ეპისკოპოს საბა ინწკირველის თანახმად, რომელიც სინოდს ესწრებოდა, ეს ორივე დროებითი ღონისძიებაა.

მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას „უპრეცედენტო“ უწოდა, თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ილია მეორემ ერთპიროვნულად მიიღო და ამას უსამართლო გადაწყვეტილება უწოდა.

მან ასევე [ჰომოფობიური ტერმინოლოგიით] თქვა, რომ „მამათმავლობისა და პედარასტული ცოდვის მხილების“ გამო დასაჯეს: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”, – განაცხადა მან.

ეპისკოპოს საბას თქმით, ეს „სიტყვიერი ბრალდებაა“ და პეტრე ცაავას მტკიცებულება არ წარმოუდგენია. „თუ აქვს, უნდა წარადგინოს. თუმცაღა, ასეთი მძიმე სიტყვიერი ბრალდება შოკისმომგვრელია“, — განაცხადა მან.

პეტრე ცაავამ მოგვიანებით თქვა, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომის დროს, პატრიარქსა და იქ მსხდომ მღვდელმთავრებს სხთოვა, კრება მეორე დღემდე გადაეტანათ, ის კი თავისი სიტყვების დასამტკციებლაად 2 მოწმეს მოიყვანდა.

„მე მანამდე ვითხოვე და არ მომცეს საშუალება, მერე კი პატრიარქმა გამოაცხადა თავისი განჩინება. სჯულის კანონის თანახმად, თუ მე ეს სიტყვები ბრალდებად მეთვლებოდა ნებისმიერი იქ მსხდომის მიმართ, მათ შორის, სინოდის თავმჯდომარის მიმართ, 2-3 მოწმე საკმარისია, რომ დამტკიცებულად ჩაითვლოს ბრალდება“, — განაცხადა პეტრე ცაავამ.

მე მოვიყვანდი 2 მოწმეს ბრალდების დასამტკიცებლად – პეტრე ცაავა

ამასთან, მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის წინამძღოლი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებში ერთსულოვნებაა – ისინი არ ეთანხმებიან პეტრე ცაავას ეპისკოპოსის პოზიციიდან გადაყენებას და უპირისპირდებიან საპატრიარქოს. ამის შესახებ იღუმენიამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი