ახალი ამბები

მე მოვიყვანდი 2 მოწმეს ბრალდების დასამტკიცებლად – პეტრე ცაავა

31 ოქტომბერი, 2019 • 2626
მე მოვიყვანდი 2 მოწმეს ბრალდების დასამტკიცებლად – პეტრე ცაავა

პეტრე ცაავა ამბობს, რომ დღეს, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომის დროს, პატრიარქსა და იქ მსხდომ მღვდელმთავრებს სხთოვა, რომ კრება მეორე დღემდე გადაეტანათ, ის კი თავისი სიტყვების დასამტკციებლაად 2 მოწმეს მოიყვანდა.

“მე მანამდე ვითხოვე და არ მომცეს საშუალება, მერე კი პატრიარქმა გამოაცხადა თავისი განჩინება. სჯულის კანონის თანახმად, თუ მე ეს სიტყვები ბრალდებად მეთვლებოდა ნებისმიერი იქ მსხდომის მიმართ, მათ შორის, სინოდის თავმჯდომარის მიმართ, 2-3 მოწმე საკმარისია, რომ დამტკიცებულად ჩაითვლოს ბრალდება.

მე ვუთხარი, რომ მომეცით კურთხევა, ხვალ, 12 საათზე გავაგრძელოთ სხდომა და მე მოვიყვან მოწმეებს, რომლებიც ჩემს ბრალდებას დაადასტურებენ. მე მოვითხოვე პატრიარქისგან, რომ ის ყოფილიყო გარანტი სჯულის კანონის აღსრულებისა“, – ამბობს პეტრე ცაავა “მთავარი არხის” ეთერში.

ცაავა არ აკონკრეტებს, თუ რა ბრალდებაზე საუბრობს, თუმცა, მისი თქმით, სინოდის წევრებმა მას მიუთითეს, რომ შეურაცხყოფას აყენებდა პატრიარქს და ბოდიში უნდა მოეხადა. ის ასევე საუბრობს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, რომლის შეწყალების შუამდგომლობითაც სინოდი პრეზიდენტს მიმართავს.

“მე ვუთხარი, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ სამი წლის წინ მე ამას ვამბობდი და როდესაც მაბრალებს, ამ საქმის გამო 3-წლიან დისკრედიტაციას [საზოგადოების მხრიდან] ეკლესიის მიმართ, ესე იგი საკუთარი თავი უნდა დაიდანაშაულოთ… მე ამას 3 წელი ვითხოვდი“, – ამბობს ცაავა.

ცაავა ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მისი შემცვლელი მღვდელმთავრის კანდიდატურა საპატრიარქოში უკვე არაერთხელაა გახმიანებული. მისი თქმით, “პატრიარქის მდივანი ამ კონკრეტულ მღვდელმთავარს თვითონ სთავაზობდა“ პატრიარქს. ცაავას არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, საუბრობს წალკელ ეპისკოპოს გრიგოლზე, რომელიც სინოდმა დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში მიავლინა.

პეტრე ცაავა ასევე ჰყვება სინდოის სხდომის მიმდინარეობაზე და ამბობს, რომ პირველი თემა, რომელიც იქ განიხილეს, მამა გიორგი მამალაძეს ეხებოდა.

“თვითონ პატრიარქმა დაიწყო ამ თემით და, როგორც სჩვევია ხოლმე, თავისი პოზიციაც გამოხატა და შემდგომ მოგცვა საშუალება, ქორეპისკოპოსები გამოსულიყვნენ… იქ ითქვა, რომ ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვიყოთ მოწყალენი, მით უფრო, მისი [დეკანოზ მამალაძის] ავადმყოფობა. თან დაიწყო მკტიცება მისი ავადმყოფობის, ეს კი შეეძლოა საპატრიარქოს დიდი ხნის წინ დაემტკიცებინა, იყო თუ არა კაცი ავად“, – დასძენს ცაავა.

რაც შეეხება მიტროპოლიტ იაკობს, პეტრე ცაავას თქმით, იგრძნობოდა, რომ ის პატრიარქთან შეთანხმებული იყო, მათ შორის, აღსარების საკითხზე.

“ეს იყო აპრობირებული “კაგებეშნიკური“ მეთოდი, თითქოს აღსარება ჩააბარა და ახლა პატრიარქი ვერ გათქვამს აღსარებას და ამიტომ სინდოზე ვერ იტყვის ვერც პატრიარქი და ვერც იაკობი. ასეთი აღსარება და აღმსარებლობა შემირცხვენია“, – ამბობს ის.

ცაავა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მისი საეკლესიო ხარისხი დღეს შეეწირა უსამართლობას, მისი შეფასებით – პილატეს სასამართლოს მიმსგავსებულ სხდომას. ამის შემდგომ პეტრე ცაავა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ტერმინების გამოყენებით აღწერს, თუ რა მოხდა:

“მაგრამ როდესაც ჩვენ ამ “პიდარასტიას“ შევეხეთ…  არ ვთვლი, რომ ბოდიშის მოხდა… ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელობა, ეს არის პიდარასტია, საეკლესიო განმარტებით. სხვას ვერაფერს დავარქმევ. სხვა როგორ უნდა ვუთხრა სიმართლე? ამ ტერმინის სრული შინაარსობრივი მნიშვნელობა ასეთია… მე ვითხოვ შენდობასა და პატიებას, თუ ვინმე ბრკოლდება, მაგრამ მე ვარქმევ ამას სახელს “, – ამბობს პეტრე ცაავა.

მისივე თქმით, მას პატრიარქმა უთხრა, რომ მონასტერში წასულიყო, თუმცა დაელოდება მოვლენების მიმდინარეობას და “ეკლესიის გაჯანსაღებას, რაც გარდაუვალი პროცესია“.

დღეს, 31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის შემდეგაც მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა და თქვა, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი