ახალი ამბები

არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

30 ოქტომბერი, 2019 • 986
არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვნის დედის თქმით, მის შვილზე ძალადობას ცდილობდა.

როგორც არასრულწლოვანი გოგოს დედა ტელეკომპანია “მთავართან” ამბობს, თანასოფლელი კაცი არასრულწლოვნის იძულებით საკუთარ სახლში წაყვანას ცდილობდა:

“გზაზე იჯდა, უთქვამს, რა კარგი ბავშვები ხართო. შემდეგ ჩემი გოგოსთვის დაუძახია, ერთი წუთით მოდიო. იცნობდა ბავშვი და მივიდა. დაუჭერია მკლავებით, მიუხუტებია გულის მხარეს და უთხრა, წამოდი ჩემთან სახლში, მოგესიყვარულოო. ბავშვმა რომ გამოიწია, მკლავში მოჰკიდა ხელი და სახლში მიათრევდა” ,- ამბობს არასრულწლოვნის დედა.

როგორც გოგოს დედა ამბობს, ბავშვმა თავის დაღწევა მოახერხა და სახლში დაბრუნდა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ იძულებას გულისხმობს. შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებული გუშინ, 29 ოქტომბერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი