ახალი ამბები

დაკავებულია 4 პირი, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობასა და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ — შსს

14 მაისი, 2023 • 2402
დაკავებულია 4 პირი, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობასა და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის ვაჭრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.  დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ,” — აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი