“როგორც უწყებიდან ირკვევა, საქმეზე ოფიციალურად მიმდინარეობს გამოძიება. საუბარია პანკისიდან სირიაში ბავშვების გაგზავნის ფაქტზე. მოწმის სახით ვარ დაბარებული დაკითხვაზე. რატომ, რისთვის, ჩემგან რა ინფორმაციის მიღებას ელოდებიან, ეს არ ვიცი,”– განაცხადა გელა მთივლიშვილმა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკითხვაზე დღეს, 17 აპრილს, 15:00 საათზე არის დაბარებული, უწყება კი დაახლოებით 12 საათზე ჩაბარდა. გელა მთივლიშვილის განცხადებით, ის თბილისიდან კახეთში დღეს დაბრუნდა და არ იცის, ფიზიკურად მოახერხებს თუ არა 15:00 საათისთვის ისევ თბილისში დაბრუნებას.
გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ,ა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ ვინ დგას პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების საომრად წასვლის უკან.
პანკისიდან სირიაში გადასვლის უკანასკნელი ცნობილი შემთხვევა 2 აპრილს დაფიქსირდა: 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და, როგორც მათი ახლობლები ვარაუდობენ, ისინი სირიაში საომრად გაემგზავრნენ.
სირიაში ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.

