ახალი ამბები

პარლამენტმა არასწორი პარკირების ჯარიმის გაზრდაზე კანონპროექტს კენჭი არ უყარა

30 ოქტომბერი, 2019 • 2135
პარლამენტმა არასწორი პარკირების ჯარიმის გაზრდაზე კანონპროექტს კენჭი არ უყარა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, თუმცა კენჭი არ უყარა კანონპროექტს, რომელიც არასწორ პარკირებაზე ჯარიმის ოდენობის 10-დან 50 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს.

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თითქოს პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა კენჭისყრა არც 29 ოქტომბრის და არც 30 ოქტომბრის პლენარულ სესიაზე არ გამართულა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგების შემდეგ მიუბრუნდება.

“პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმგვარად უნდა განვითარდეს, განახლდეს და წესრიგში მოვიდეს, რომ მოქალაქეების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჯარიმებთან დაკავშირებული საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ენმ აცხადებს, რომ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით შესაბამის კომიტეტებში განხილვის გარეშე მიიღო და მხოლოდ საზოგადოების ნეგატიური რეაქციის შემდეგ შეაჩერა პროცესი.

“ეს კანონპროექტი არ იყო განხილული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. აუცილებლად უნდა განხილულიყო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში და დღეს კომიტეტის არცერთმა წევრმა ამის შესახებ არ იცოდა. თურმე იურიდიულმა კომიტეტმა 3 თუ 4 თვის წინ რაღაც სხვა საკითხებთან ერთად შემოაცურა ეს გადაწყვეტილება და ახლა, ალბათ, თავში ხელს ირტყამენ”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ და პრეზიდენტს მოუწოდა, კანონპროექტს ვეტო დაადოს.

“დღეს დილიდან ქალაქის მერთან მე პირადად მქონდა კომუნიკაცია. მისი აზრი იყო, რომ სატრანსპორტო რეფორმა სანამ არ დასრულდება და სავარაუდოდ, ეს არის სულ რამდენიმე თვის საქმე, მანამდე ძალაში შესვლა ამ კანონისა შესაძლებელია არ იყოს მთლად კარგი”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

კანონპროექტი, რომელიც სატრანსპოროტო საშუალების პარკირებასთან, დგომასა და გაჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, ზაზა გაბუნიას, კობა ლურსმანაშვილისა და გოჩა ენუქიძის მიერ არის ინიცირებული.

ამ თემაზე:

პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი