ახალი ამბები

კინოცენტრი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ორ მსახიობს ლოს-ანჯელესში მგზავრობას დაუფინანსებს

30 ოქტომბერი, 2019 • 2027
კინოცენტრი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ორ მსახიობს ლოს-ანჯელესში მგზავრობას დაუფინანსებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლების შემსრულებელ ორ მსახიობს, ლევან გელბახიანსა და ბაჩი ვალიშვილს, ლოს-ანჯელესში მგზავრობას დაუფინანსებს.

კინოცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრი მიესალმება ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” (შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია) წარდგენას ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში მონაწილეობისთვის და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვება ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაში:

“მიგვაჩნია, რომ მსახიობების მონაწილეობა კამპანიაში უაღრესად წაადგება ფილმს, მით უმეტეს, რომ ლევან გელბახიანმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა. ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა ერთხელ უკვე გაწია ხარჯი 12 500,00 (თორმეტიათას ხუთასი) ლარის ოდენობით მიმდინარე წლის მაისში იმისათვის, რომ შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრს (ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ქეთი დანელია, ნინო ჯინჭარაძე, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი) მონაწილეობა მიეღო კანის კინოფესტივალის პროგრამაში “რეჟისორთა ორკვირეული” – აცხადებენ კინოცენტრში.

მანამდე, ფილმის პროდუსერმა ქეთი დანელიამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე დაწერა, რომ ლოს-ანჯელესში გასამართ ჩვენებაზე დასასწრებად კულტურის სამინისტროს 4 ადამიანის მგზავრობის ხარჯებისა და ქართული სუვენირების შესაძენად დაფინანსება სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს და სახსრების გამოძებნას კინოცენტრი ცდილობდა.

აღნიშნული “ნეტგაზეთს” დღეს კულტურის სამინისტროშიც დაუდასტურეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ თავად ფინანსები ვერ გამონახეს მსახიობების დასაფინანსებლად და სახსრების მოძიებას კინოცენტრი ცდილობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი