ახალი ამბები

შსს: თაღლითებმა მანქანების გამოწერისთვის მოქალაქეებისგან გადარიცხული 267 ათასი დოლარი მიითვისეს

17 აპრილი, 2015 • • 1062
შსს: თაღლითებმა მანქანების გამოწერისთვის მოქალაქეებისგან გადარიცხული 267 ათასი დოლარი მიითვისეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა – 33 წლის გელა გ.-მ, 36 წლის მანუჩარ ჯ.-მ და 26 წლის ლევან ბ.-მ თბილისში, წერეთლის გამზირზე საოფისე ფართი იქირავეს. შემდეგ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვითომდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანისა და რეალიზაციის  მიზნით, დაარეგისტრირეს შპს „ამერიქან მოტორსი“.

 

“თაღლითური დაჯგუფების წევრებმა ინტერნეტ საიტ „myauto.ge“-ზე განათავსეს განცხადებები, თითქოსდა სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომანქანების ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას ახდენდნენ, ხოლო მეტი დამაჯერებლობისთვის  და მოქალაქეების მოზიდვის მიზნით, სპეციალურად მოაწყეს ოფისი, სადაც აფორმებდნენ ხელშეკრულებებს ავტომანქანების ჩამოყვანასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ შსს-ში.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებს ამერიკიდან და ევროპიდან მანქანები არ გამოუწერიათ და არც შეუკვეთიათ. 

 

“ბრალდებულებმა 19 მოქალაქეს კომპანიის ანგარიშზე მოტყუებით გადაარიცხინეს სხვადასხვა ოდენობის თანხა და თაღლითურად დაეუფლნენ. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის რაოდენობამ, საერთო ჯამში,  267 000 აშშ დოლარი შეადგინა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

პოლიციის ინფორმაციით,  შპს „ამერიქან მოტორსის“ ოფისის, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანების ჩხრეკისას სხვადასხვა დოკუმენტაცია, კომპიუტერები, თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი- 31 200 აშშ დოლარი,  5 900 ევრო- და თაღლითურად მოპოვებული ფულით შეძენილი „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის ცნობით, სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი