ახალი ამბები

ბიზნესურად მომგებიანი არაა, საქველმოქმედო ინიციატივაა — თურნავა წყალტუბოს რეაბილიტაციაზე

29 ოქტომბერი, 2019 • 918
ბიზნესურად მომგებიანი არაა, საქველმოქმედო ინიციატივაა — თურნავა წყალტუბოს რეაბილიტაციაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ პროექტს — „წყალტუბოს კურორტის აღორძინებას“ — „საქველმოქმედო ინიციატივას“ უწოდებს და ამბობს, რომ „ბიზნესურად მომგებიანი არ არის“.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ აპირებს წყალტუბოში გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მათი სრული რეაბილიტაცია მოახდინოს. „წყალტუბოს აქვს ყველა … პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი“, — წერს იგი გავრცელებულ განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა „მთლიანად ქველმოქმედებად“ შეაფასა: „მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა“. მისი თქმით, „ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი“.

თურნავას თანახმადვე, ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ყველა ხარჯი „ასეულობით მილიონია“. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი იმიტომ, რომ აქ არის უნიკალური ბუნება, უნიკალური წყლები, უნიკალური არქიტექტურა“.

„ჩვენ, როგორც ხედავთ, ვცდილობთ წყალტუბოს განვითარებას – გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ წლების მანძილზე 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება. რატომ? იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი გამოწვევა იმაში, რომ წყალტუბომ დაიბრუნოს ყოფილი დიდება, როცა ის იყო საერთაშორისო მნიშვნელობის გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს კურორტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველსავე წლებში დაინგრა, გაჩანაგდა და პრინციპში, მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია და ეს ნათელი გახდა. ცალკეული ბიზნესები ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ გარკვეული პროექტების განხორციელებას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს წყალტუბო და რასაც იმსახურებს საქართველო“ ,- თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოვისყიდი და რეაბილიტაციას დავიწყებ – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი