ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს სახელმწიფო სერვისებზე ერთიან ტარიფს დაუდგენს

28 ოქტომბერი, 2019 • 1528
საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს სახელმწიფო სერვისებზე ერთიან ტარიფს დაუდგენს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რეფორმის ფარგლებში ინერგება დაფინანსების ახალი სისტემა.

კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართული იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

მინისტრის თქმით, გათანაბრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფები ყველა კლინიკაში. როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული, ევროპულ სტანდარტების სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას:

“ის, რაც დღეს ჩვენს პრეზენტაციაზე გაჟღერდა, სავსებით არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ეს არის მსოფლიოში აპრობირებული ფასწარმოქმნის სისტემა და ყველა ჯანდაცვის ობიექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსგავსად რეგულირდება. ეს იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფომ შეძლოს მართოს ხარისხი და იყოს ქვეყანაში ჯანმრთელი კონკურენცია”, – ამბობს მინისტრი.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეფორმის ფარგლებში გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის მიმართულება. კერძოდ, დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და გაძლიერდება პრევენციული სერვისები.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვედ აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება. ამასთან, იგეგმება სამედიცინო განათლების მხარდაჭერის გაძლიერება

ამასთან, მინისტრის თქმით, შემუშვდება მედიკამენტებთან დაკავშირებული პოლიტიკა. კერძოდ, დაიწყება მუშაობა ფასების რეგულირებაზე, გაძლიერდება პოლიფარმაციის კონტროლი და ორიენტირება მოხდება მედიკამენტების ხარისხზე:

“მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარეიბს ასევე ფასწარმოქმნის და ფასების რეგულაციაზე მუშაობა. კომუნიკაცია გვაქვს ფარმაბიზნესთან და ეს საკითხები მალე გაჟღერდება”, – ამბობს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი