“საპატრიარქო ახლა დენთით სავსე კასრია” – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

„მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ, იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული, მაგრამ ეს ასე აღარ არის“, – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ვესაუბრეთ თემაზე, რა ხდება ამჯერად ეკლესიაში. 26 ოქტომბერს ბოდბელმა მთავარეპიკოსპოსმა თქვა, რომ მას ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებით პატრიარქის გადაყენებაზე ეჩალიჩებოდნენ. დღეს, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსის პოზიცია მეუფე იაკობმა დატოვა.

  • ბატონო მირიან, თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად საპატრიარქოში? ეს არის „ციანიდის საქმის“ გაგრძელება, თუ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის განცხადებების ახალი ეტაპია? 

მეუფე იაკობის გაღიზიანება გამოიწვია ორმა ფაქტორმა: ერთი იყო ის, რომ მას უჩივლეს ადვოკატებმა და სასამართლომ სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა [თბილისის საქალაქო სასამართლომ ქორეპისკოპოსი იაკობი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 2018 წლის დეკემბერში დააჯარიმა]. ეს მეუფე იაკობისთვის იყო მიუღებელი, რადგან მისთვის სასამართლო არის მთავრობის ხელში. ეს იყო მისთვის „მესიჯი“, რომ მთავრობისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა. მანამდე მეუფე იაკობი იყო არაფორმალურად საპატრიარქოდან მთავრობასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი.

გაღიზიანების მეორე მთავარი ფაქტორი იყო მეუფე შიოს გააქტიურება, რომელიც სრულიად მოულოდნელად თანამოსაყდრედ დაასახელა პატრიარქმა. მეუფე შიომ საკუთარი თამაში წამოიწყო.

  • რაში გამოიხატა მეუფე შიოსგან „საკუთარი თამაშის დაწყება“? 

მირიან გამრეკელაშვილი

მეუფე შიომ საპატრიარქოში შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“, რომელიც უშუალოდ მას ემორჩილება და აქვს საკუთარი ლოგოც კი. მანამდე არსებობდა მხოლოდ პრესცენტრი. ეს სამსახური კი, უფრო პასტორალურ საქმიანობას ქმნის, რომელსაც ეკლესია გამოხატავს საზოგადოების ასპარეზზე. მეუფემ შემოიკრიბა სამღვდელოების ის ნაწილი, რომელსაც მინიმუმ შეუძლია რაღაცაზე ისაუბროს, აქვს განათლება და მათთან ერთად ატარებს შეხვედრებს ახალგაზრდებთან. ქვეყნდება ამ სამსახურის მიერ მომზადებული ვიდეომასალებიც, რომელიც ტექნიკურად მაღალი ხარისხით გამოირჩევა… მოკლედ, დიდი მუშაობაა იქ გაჩაღებული, მიდის დამოუკიდებელი თეოლოგების გადაბირების მცდელობებიც.

მეუფე შიო იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მან გამოკვეთილი პოზიცია დაიჭირა. ლიტურგიული თვალსაზრისითაც ის იჯდა მაღალ დასაჯდომელზე. ის არის ჩვეულებრივი ეპისკოპოსი, მაგრამ იქცეოდა, როგორც პატრიარქი. მას უნდა, რომ თავისი პოზიცია გამოიყენოს და ეს გასაგებიცაა. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი კლასელი იყო და მისი მეგობარია ლევან ვასაძე.

  • რამ გააღიზიანა მეუფე იაკობი, მასაც პატრიარქობა სურს? 

არა მგონია. იაკობს სურს საკუთარი პოზიციების შენარჩუნება საპატრიარქოში. ის აქამდე იყო ხაზინდარი და საპატრიარქოს მთელი შემოსავლები მას ებარა. მეუფე იაკობი გააღიზიანა იმან, რომ ეგონა: მეუფე შიო, უბრალოდ იჯდება საპატრიარქოში და სტატუს-კვო იქნებოდა შენარჩუნებული. ქორეპისკოპოსი სულ სამი გვყავს, მათ შორის, მეუფე შიო და მეუფე იაკობი. მათ თანაბარი პოზიციები ჰქონდათ და ყველა მეტ-ნაკლებად ეგუებოდა ამ სიტუაციას.

ამ დაბალანსებული პოზიციიდან მეუფე შიომ გააჩაღა საკუთარი გზის მშენებლობა. მეუფე იაკობის აბდა-უბდა საუბარში ჩანს, რომ მეუფე შიო მთავრობის ფავორიტია, რაშიც მე პირადად ვეთანხმები. ასევე ინფორმაცია პატრიარქის გადაყენების შესახებ, შესაძლოა, იყოს სარწმუნო… მეუფე იაკობს ქართველი პოლიტიკოსები დიდად ენდობოდნენ – ის მიაჩნდათ ბრიყვად, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა: საბოლოოდ, იგი პატრიარქის მიმართ უფრო მეტად ლოიალური აღმოჩნდა, ვიდრე ხელისუფლების.

  • ამ ეტაპზე რატომ შეიძლება სურდეს ხელისუფლებას ახალი პატრიარქი? 

იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეკლესია უპირობო მორჩილად ვერ გაიხადა. მოგეხსენებათ, რუსეთში ეკლესია არის უპირობოდ დაქვემდებარებული ხელისუფლებაზე: რასაც მთავრობა იტყვის, ეკლესია ამას იღებს… ჩვენთან, ძირითადად უმნიშვნელო საკითხებზე, საპატრიარქო ეწინააღმდეგება ხელისუფლებას, მაგალითად, გვახსოვს წინააღმდეგობა მარიხუანას ბიზნესის გამო.

  • ანუ მეუფე იაკობმა დაინახა, რომ მეუფე შიოს გააქტიურება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა? 

კი. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ გახდება პატრიარქი. მნიშვნელობა აქვს, ვინ მოხვდება რეპრესიებში და ვინ – გადარჩება.

  • დეკანოზმა ციხიდან წერილი გამოუგზავნა ერთ-ერთ ტელევიზიას. ჯერჯერობით უცნობია წერილის შინაარსი. რა მნიშვნელობა შეიძინა ამ პროცესში „ციანიდის საქმემ“? 

დეკანოზი, როგორც ჩანს, მაინც ითმენს. მე მეგონა, რომ ის გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. უკვე ამ კადრების შესახებ ყველა საუბრობს საპატრიარქოს შიგნით. მან ასევე იცის ფინანსური საკითხები და სხვა ურთიერთკავშირი… თუ გამოვლინდება, რომ ეს საქმე [ციანიდის საქმე] თავიდან ბოლომდე შეთითხნილია, გამოვა, რომ პოლიტიკური ინტერესი არსებობდა. ამ საქმეში ჯერ კიდევ არ არის ამოღებული ნივთმტკიცება – ციანიდი. გამოძიება ამბობს, რომ ციანიდი ჩემოდანში იდო, მაგრამ ეს ნივთიერება აღმოჩენილი არ არის…

  • ბათუმელი მეუფე დიმიტრიც ახსენა მეუფე იაკობმა სატელევიზიო კომენტარის დროს. ქორეპისკოპოსის თმით, ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მეუფე დიმიტრისაც შეხვდა. 

ჩემთვის სანდოა მეუფე იაკობის ეს მონათხრობი. ცხადია, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიაში მმართველობის შეცვლას. მე ვფიქრობ, ამ პროცესში მეუფე დიმიტრის განეიტრალება უნდოდათ ან შეთანხმებით. მეუფე დიმიტრი რომ ვერ გახდებოდა პატრიარქი, ეს მაშინვე გახდა ცხადი, როცა პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვალა. მეუფე დიმიტრი ბოლო წლებში დაინტერესებულია, რამდენად შენარჩუნდება მისი პოზიციები და რამდენად დაცული იქნება მისი ქონება. ეს შუა საუკუნეების ცნობილი სცენარია – როცა ახალი პატრიარქის პირობებში წინა პატრიარქის მომხრეები იჩაგრებოდნენ, ზოგჯერ მათ კლავდნენ კიდეც.

  • როგორია თქვენი მოლოდინი, რას უნდა ველოდოთ ამჯერად საპატრიარქოდან? 

საპატრიარქო ახლა არის დენთით სავსე კასრი, პატრიარქი აღარ წავიდა საკვირაო წირვაზე, დეკანოზის წერილი უკვე დევს ერთ-ერთ ტელევიზიაში, სინოდის წევრები პატრიარქის თანამოსაყდრედ არ აღიარებენ მეუფე შიოს… ზოგადად, სინოდის წევრებს შორის გაურკვევლობა აუტანელი გახდა. ახლა პროცესი დამოკიდებულია მედიის აქტიურობაზე. თუ მედიის ინტერესი შენელდა, საპატრიარქო გააგრძელებს იმავე პოლიტიკას, 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრების წინა დღეებში მოიწვევენ სინოდს, დაურიგებენ სინოდის წევრებს წოდებებს, ტკბილეულს გადასცემენ და ამით დამთავრდება.

მეორე სცენარი არის ის, რომ მედიის ინტერესი შენარჩუნდება და უნდა ველოდოთ ახალ კონფლიქტებს. ამ შემთხვევაში სინოდის სხდომას დაჩქარებული წესით მივიღებთ. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა, საპატრიარქოში რაღაც  მნიშვნელოვნად შეიცვალოს, მაგრამ როგორც ბიზანტიის მკვლევრები ამბობდნენ – გაგრძელდება „ბულდოგების ბრძოლა ხალიჩის ქვეშ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი